Thumbnail

'აქ მისთვის ყველაფერი ახალია' - პოჩეტინომ მესისა და სიტიზე ილაპარაკა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში პარი სენ-ჟერმენი მანჩესტერ სიტის უმასპინძლებს და მატჩის წინ ფრანგული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ კომენტარი გააკეთა. არგენტინელმა სპეციალისტმა, როგორც მოახლოებული მატჩის, ისე ლიონელ მესის, კილიან მბაპესა და ნეიმარის შესახებ ილაპარაკა.

მაურისიო პოჩეტინო (პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი): "ბრიუგესთან ფრემ უდავოდ იმედი გაგვიცურა, მაგრამ გუნდმა კარგი ფეხბურთი აჩვენა. ახლა გუნდში მშვიდი ატმოსფეროა და ფეხბურთელები მომავალ მატჩებზე არიან ორიენტირებულნი. მესი? ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელზე ვსაუბრობთ, მაგრამ ისიც ადამიანია და ადაპტაციისთვის დრო მასაც სჭირდება, როგორც სხვებს. მესის ოჯახი, ისევე როგორც თვითონ, ახალ კულტურას, ახალ ქვეყანას უნდა შეეგუოს. მან ბარსელონაში 20 წელი გაატარა და აქ ყველაფერი ახალია მისთვის. ეჭვი არ მეპარება, რომ ის დროთა განმავლობაში კლუბს დიდი საქმეების გაკეთებაში დაეხმარება და ერთად წარმატებებს მივაღწევთ".

მბაპეს სიტყვებზე ნეიმარის მიმართ: "მბაპე და ნეიმარი ფანტასტიკური ბიჭები არიან, ფეხბურთში ასეთი რაღაცები ხდება. ინციდენტმა დიდი ხმაური გამოიწვია კლუბის გარეთ, მაგრამ შიგნით არაფერი ყოფილა. ნახეთ, ვარჯიშზე ერთმანეთს ეხუმრებოდნენ და მათ მეც ვესაუბრე".

პოჩეტინომ მბაპესა და ნეიმარს შორის კონფლიქტი უარყო

...მანჩესტერ სიტისთან მატჩზე: "ჩვენ მშენებლობის პროცესში ვართ, ეს არ არის მოსაზრება, ეს ფაქტია. უნდა შევხედოთ, საიდან მოვდივართ და სად ვართ დღეს. მანჩესტერ სიტის და მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას დავუპირისპირდებით. ეს არის დიდი გუნდი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მოგება უნდა, ისევე როგორც ჩვენ. ისინი შეიძლება ჩვენზე წინ არიან, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ვეცდებით მათ დამარცხებას. ეს არის თამაში, რომელშიც ფეხბურთელებს შეუძლიათ თავიანთი პოტენციალი გამოავლინონ".

შეგახსენებთ, რომ პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ბრიუგესთან ფრე ითამაშა (1:1), მანჩესტერ სიტიმ კი ლაიპციგი 6:3 დაამარცხა.

კომენტარები

ბოლო ამბები