Thumbnail

გულზე ოპერაციის შემდეგ - კინგსლი კომანმა ბაიერნში ვარჯიში განაახლა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბაიერნის თავდამსხმელმა ოპერაციის შემდეგ გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა
  • 25 წლის ფრანგ ფეხბურთელს 11 დღის წინ გულზე ოპერაციის გაკეთება დასჭირდა 

მიუნხენის ბაიერნისა და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა კინგსლი კომანმა კლუბში ვარჯიში განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ 16 სექტემბერს 25 წლის ფეხბურთელმა, რომელსაც გულზე მცირე პრობლემები გამოუვლინდა, ოპერაცია გაიკეთა, რის შემდეგაც ხანმოკლე პერიოდით პაუზის აღება დასჭირდა. კომანმა მონაწილეობა გუნდის ზოგიერთ ვარჯიშში მიიღო, თუმცა საწვრთნელ სესიაში სრულად ჯერ არ დატვირთულა.

ექიმების პროგნოზით, კინგსლიმ სრულფასოვნად ვარჯიში ოპერაციიდან დაახლოებით ორ კვირაში უნდა განაახლოს.

კინგსლი კომანი პარი სენ-ჟერნემის აღზრდილია და კარიერის დასაწყისში მის ღირსებას იცავდა, შემდეგ კი ტურინის იუვენტუსში გადაბარგდა. ფრანგი ფეხბურთელი 2015 წელს იჯარით ბაიერნმა აიყვანა, ორი წლის შემდეგ კი გერმანელებმა მისი კონტრაქტი გამოისყიდეს. 

მიუნხენის ბაიერნი ბუნდესლიგაში ჩატარებული 6 მატჩის შემდეგ სატურნირო ცხრილს 16 ქულით ლიდერობს. იულიან ნაგელსმანის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში პირველი მატჩი სტუმრად ბარსელონასთან ანგარიშით 3:0 მოიგო, მეორე ტურში კი, 29 სექტემბერს, კიევის დინამოს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები