Thumbnail

2 საგოლე პასი დაუფასდა - ოთარ კიტეიშვილი ტურის სიმბოლურში

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებშია
  • 25 წლის ნახევარმცველმა ვენის რაპიდთან ორი საგოლე გადაცემა შეასრულა

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-9 ტურის სიმბოლურ ნაკრებში გრაცის შტურმის ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი შეიყვანეს. 25 წლის ქართველ ნახევარმცველს Sky Sport Austria-ს საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის ქულებით რიგით მე-5 მაჩვენებელი აქვს (451).

კიტეიშვილის სიმბოლურში მოხვედრა სრულიად ლოგიკური და პროგნოზირებადი იყო, რადგან ვენის რაპიდთან ბრწყინვალე თამაში ჩაატარა და 2 საგოლე პასი გააკეთა. თან, პასებსაც ხომ გააჩნია? ოთარი 38-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ გავიდა და შეეძლო თავად დაერტყა, მაგრამ კელვინ იებოას გაუკეთა გადაცემა, რომელმაც ცარიელ კარში გაიტანა. მატჩის ბოლოს კი ივან ლიუბიჩი შეატოვა მეკარეს და მან საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

კიტეიშვილს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 13 მატჩი აქვს ჩატარებული. მან 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა.

გრაცის შტურმს 9 ტურის შემდეგ 20 ქულა აქვს და მე-2 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 3 ოქტომბერს, სტუმრად ჰარტბერგს შეხვდება. მანამდე, 30 სექტემბერს, ევროპალიგაზე, გრაცელები პსვ ეინდჰოვენს უმასპინძლებენ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები