Thumbnail

ორი პრიზი ქართველ გმირს | 30 მაისს ტოჩინოშინი ოძეკი გახდება

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • სპეციალურმა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა, ტოჩინოშინი ოძეკის რანგში აიყვანონ
  • მებრძოლი სულისა  და ტექნიკური სუმოისტის პრიზები ქართველისაა
  • ტოჩინოშინის გმირობა!

ნაცუ ბაშოს ბოლო დღეს ტოკიოდან ძალიან კარგი ამბები მოდის - აღმოსავლეთის სეკივაკე ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) გმირობა ჩაიდინა და დაზიანებული ხელით დაამარცხა იკიოი და ბაშო 13-2 ბალანსით მეორე ადგილზე დაასრულა. 

პირველი კარგი ამბავი

ტოჩინოშინი ორი პრიზით

ასოციაციის მსაჯთა კომიტეტი, რომელსაც ოიაკატა ონამაცუ ხელმძღვანელობს, სპეციალურად შეიკრიბა და დაადგინა, რომ ტოჩინოშინს ოძეკის ტიტულის მინიჭებაზე რეკომენდაცია მიეცეს. ეს ჩემპიონის რანგში ქართველის აყვანის პირველი ოფიციალური პროცედურაა.

ახლა ველით 30 მაისს, როცა ოფიციალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ - ტოკიოში ბანძუკეს (რეიტინგი) შედგენის კომიტეტისა და დრექტორთა საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართება, სადაც ამ რეკომენდაციას განიხილავენ. ჩათვალეთ, რომ გადაწყვეტილება მიღებულია, რადგან:

სუმოს ისტორიაში ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ მსაჯთა კომიტეტის რეკომენდაცია არ მიეღოთ.

ტოჩინოშინი იკიოის წინააღმდეგ

ჯუნ-იუშო

დღევანდელი მოგებით ტოჩინოშინმა ვიცე-ჩემპიონობა - ჯუნ-იუშო დაიბევა. მართალია, ეს არ გამოიხატება სპეციალური პრიზით, მაგრამ ნებისმიერი სუმოისტისთვის დიდი მიღწევაა. 

ტოჩინოშინის მე-4 ვიცე-ჩემპიონობა, მე-3 ტექნიკური პრიზი და მე-6 მებრძოლი სულის პრიზი

ჯუნ-იუშო ტოჩინოშინმა კარიერაში მეოთხედ მიიღო - 2009 წლის ნოემბრის ბაშოზე, 2011 წლის მაისის ბაშოზე, 2017 წლის მაისის ბაშოზე და ახლა.

მებრძოლი სული

გარდა ამისა, ტოჩინოშინს გადაეცა სპეციალური პრიზი კანტო-შო - მებრძოლი სულის პრიზი. ეს პრიზი მან კარიერაში მე-6-ედ მიიღო. მანამდე კანტო-შო ტოჩინოშინს 2009 წლის ნოემბრის ბაშოზე, 2010 წლის მაისის ბაშოზე, 2011 წლის მაისის ბაშოზე, 2014 წლის ნოემბრის ბაშოზე და 2015 წლის სექტემბრის ბაშოზე აქვს მიღებული.

ტექნიკური რიკიში

კანტო-შოს გარდა ტოჩინოშინს აქამდე 2-2-ჯერ აქვს მოპოვებული გინო-შო და შუკუნ-შო. პირველი ყველაზე ტექნიკური რიკიშის პრიზია, მეორე ბაშოზე ბრწყინვალე ასპარეზობის პრიზი. გინო-შო მას დღესაც გადასცეს, კარიერაში მესამედ.

დაბოლოს, მის ანგარიშზეა 2 კინბოში - ვარსკლავი, რომელიც რიგით მაეგაშირას ენიჭება, თუკი ის დიდ ჩემპიონს დაამარცხებს. 

ტერმინები

იუშო - ბაშოს ჩემპიონობა

ჯუნ-იუშო - ვიცე-ჩემპიონობა

კანტო-შო - მებრძოლი სულის პრიზი

გინო-შო - ტექნიკური რიკიშის პრიზი

შუკუნ-შო - ბრწყინვალე ასპარეზობის პრიზი

კინბოში - ვარსკვლავი დიდი ჩემპიონის დამარცხებისთვის

კომენტარები

ბოლო ამბები