Thumbnail

'ასეთ რამეს რომ დაგიძახებენ, მეტი უნდა გააკეთო' - ჭიკაძე როდრიგესთან შეხვედრაზე

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა

კვირას, ლას ვეგასში UFC 266 შედგა და იქ მებრძოლებმა მოიყარეს თავი - ზოგი ჩხუბობდა, ზოგიც საყურებლად ან საგულშემატკივროდ იყო.

მათ შორის გახლდათ გიგა ჭიკაძეც, რომელიც მერაბ დვალიშვილს გულშემატკივრობდა და ამავე დროს, ესწრებოდა მისი წონითი კატეგორიის საჩემპიონო ბრძოლას ვოლკანოვსკისა და ორტეგას შორის. მოგვიანებით, გიგა თავის გულშემატკივარს სოციალურ ქსელში ჩაერთო და მექსიკელ იაირ როდრიგესთან რესტორანში შეხვედრის ამბავი უამბო. როდრიგესი, რომელიც მესამეა ამ წონით კატეგორიაში, გიგამ ცოტა ხნის წინ გამოიწვია და მას pussycat უწოდა. იგი ქართველთან ბრძოლას თავს არიდებს.

"აქ მაგარი რაღაცები მოხდა. გუშინ იაირ როდრიგესიც ვნახე. ჩემთან მოვიდა და ერთი-ორი სიტყვით, პატარა წაძაბვაც იყო, - თქვა ჭიკაძემ ფეისბუქის LIVE-ში, - ბევრი არაფერი უკითხავს, როგორ ხარო, მკითხა უბრალოდ ათჯერ. კარგად-მეთქი... ხელი, რა თქმა უნდა, არ ჩამოგვირთმევია. სამწუხაროდ, უკვე დაინიშნა მისი და მაქს ჰოლოუეის ჩხუბი, თორემ დიდი სიამოვნებით წავტყიპავდი 'პანტერას' (როდრიგესის მეტსახელია). ველოდებოდი, რომ უფრო აგრესიული იქნებოდა, მაგრამ აგრესია არ გამოუხატავს. უბრალოდ, ძალიან დაძაბული იყო ისიც და რაღაც მხრივ მეც. თან ვიცინოდი, მაგრამ თან ისე ვიყავი, რომ თუ გააქტიურდებოდა, ეგრევე მოხვდებოდა ალიყური. არ ვიცი, მაინც მოჩხუბრები ვართ, თან mexican spirit (მექსიკური სული)... ისეთი პონტია, მექსიკელები 'ბლატნოი' ტიპები არიან."

"მივხვდი, ვინც იყო და თვალი თვალში გავუყარე, თორემ არიდებას ჩალიჩობდა"

ჭიკაძემ LIVE-ში როდრიგესთან შეხვედრის მეტ დეტალზეც ილაპარაკა: "ხომ იცით, 'სპასობნი' ვიყავი შემორტყმაზე. მე და ჩემი ცოლი საუზმეზე ვიყავით ჩასულები რესტორანში. რაღაცებს რომ ვუკვეთავდი, უცებ გაიჩითა ეგ, 'მასკა' ეკეთა. მივხვდი, ვინც იყო და თვალი თვალში გავუყარე, თორემ არიდებას 'ჩალიჩობდა'. თვალი რომ გავუსწორე, მერე მოვიდა. შეხვედრილები ადრეც ვართ, ჩემს დარბაზშიც იყო. Pussycat-ს რომ გეძახის ვიღაც, ალბათ ცოტა მეტი უნდა გააკეთო."

გიგა ჭიკაძეს UFC-ში ზედიზედ 7 გამარჯვება აქვს, რეიტინგში თავის წონით კატეგორიაში მერვე ადგილზეა და საჩემპიონო ბრძოლამდე, დიდი ალბათობით, ერთი გამარჯვება აშორებს. მისი მომდევნო მეტოქე წესით რეიტინგის პირველი ხუთეულიდან უნდა იყოს და გიგას დიდი ხანია უნდა, მისი ბრძოლა სწორედ როდრიგესთან შედგეს. ნოემბერში ეს უკანასკნელი მაქს ჰოლოუეის შეხვდება და ჭიკაძე რომელიმე მებრძოლის ტრავმის შემთხვევაში ამ ბრძოლას სათადარიგო ვარიანტად დააზღვევს.

მანამდე ეს ბრძოლა ერთხელ უკვე გადაიდო ჰოლოუეის ტრავმის გამო და მაშინაც გიგა სათადარიგო ვარიანტი იყო, თუმცა როდრიგესმა მასთან ბრძოლას თავი აარიდა და გიგას უკმაყოფილებაც ამით დაიმსახურა. სწორედ მაშინ, ჭიკაძემ მექსიკელს pussy უწოდა და აღნიშნა, რომ ის ზედმეტად ხშირად არიდებს ბრძოლებს თავს.

Posted by GIGA CHIKADZE on Sunday, September 26, 2021

კომენტარები

ბოლო ამბები