Thumbnail

NBA | აუცრელი ვერ ითამაშებს! ლიგა ენდრიუ უიგინსის წინააღმდეგ

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • გოლდენ სტეიტის კალათბურთელი ენდრიუ უიგინსი სკანდალშია
  • აცრაზე უარს ამბობს და რამდენიმე დღეა, ყველა მას აკრიტიკებს
  • 13 ოქტომბრიდან უიგინსს საშინაო თამაშებში მონაწილეობის უფლება აღარ აქვს

რამდენიმე დღეა, გოლდენ სტეიტის კალათბურთელ ენდრიუ უიგინსთან დაკავშირებული სკანდალი არ წყდება. საქმე ისაა, რომ იგი აცრაზე უარს ამბობს, 13 ოქტომბრის შემდეგ კი სან ფრანცისკო გოლდენ სტეიტს, როგორც დიდ ორგანიზაციას, აუცრელი თანამშრომლების სამსახურის ადგილზე დაშვების უფლებას აღარ აძლევს. ეს იმას ნიშნავს, რომ უიგინსი თავის გუნდს საშინაო თამაშებში ვერ დაეხმარება.

"ის სასწრაფოდ უნდა გაცვალონ" - კატეგორიულია სტივენ ეი სმიტი, ამერიკის ყველაზე გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი და უიგინსი NBA-ს ლეგენდებმაც გააკრიტიკეს. ქარიმ აბდულ ჯაბარი ფიქრობს, რომ ყველამ, ვინც აცრაზე უარს ამბობს, გუნდი უნდა დატოვოს: "NBA-მ უნდა მოითხოვოს, რომ ყველა მოთამაშე და ორგანიზაციის წევრი აიცრას. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა უნდა გაუშვან. აქ არ არის იმ მოთამაშეების ადგილი, რომლებიც მზად არიან, სხვების სიცოცხლე გარისკონ და სიტუაციის სერიოზულობას ვერ ხვდებიან."

ქარიმს დაეთანხმა ლეგენდარული შაკილ ო'ნილი, რომელმაც მისი პოსტი სოციალურ ქსელში გადააზიარა და ვაქცინაციის აუცილებლობაზე ისაუბრა. შაკი ბარაკ ობამასთან ერთად თავად იყო ჩართული ვაქცინაციის მხარდამჭერ კამპანიაში.

უიგინსს შესაძლოა ხელფასის ნახევარზე მოუწიოს უარის თქმა

გოლდენ სტეიტმა უიგინსი ან უნდა გაცვალოს, ან მისი მხოლოდ გასვლით თამაშებში გამოყენება მოუწევს. ამ შემთხვევაში უიგინსი კონტრაქტით სერიოზულ თანხას კარგავს. ის თავისი 31-მილიონიანი ხელფასის ნახევარს დაკარგავს. გოლდენ სტეიტს შეუძლია, უიგინსი რომელიმე იმ შტატში მდებარე ორგანიზაციის მოთამაშეში გაცვალოს, სადაც მსგავსი შეზღუდვები არ მოქმედებს და მასაც თამაში შეეძლება. თუმცა, მსგავსი გაცვლის ორგანიზება ასეთ მოკლე დროში იოლი არ არის.

გასათვალისწინებელია სხვა ფაქტორიც: კაირი ირვინგისგან განსხვავებით, რომელიც აცრაზე ასევე უარს ამბობს, გოლდენ სტეიტში უიგინსს ნაკლებად მტკიცე პოზიცია აქვს. ორგანიზაცია მას უფრო იოლად შეიძლება შეელიოს. მისი თამაშით გოლდენ სტეიტში კმაყოფილები ისედაც არ არიან.

უიგინსმა სცადა, რომ რელიგიური მოტივით მისთვის კანონმდებლობით დაშვებული გამონაკლისი მიეღო, თუმცა უარი უთხრეს. ლიგის შიდა წყაროები იმასაც ირწმუნებიან, რომ უიგინსი საკმაოდ რბილი ხასიათის ადამიანია და არ არის გამორიცხული, ბოლო მომენტში აცრა მაინც გადაწყვიტოს - მით უმეტეს, რომ ეს მის კარიერას სერიოზულ პრობლემებს უქმნის.

კომენტარები

ბოლო ამბები