Thumbnail
  • 22 წლის ნახევარმცველი გენტის სასტარტოში ზედიზედ მეორედ მოხვდა
  • სერკლ ბრიუგესთან გიორგი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
  • ქართველი ფეხბურთელის თქმით, ის ასი პროცენტით მზად ჯერ კიდევ არ არის

გიორგი ჩაკვეტაძე ზედიზედ მეორე მატჩია გენტის სასტარტო შემადგენლობაში ხვდება. ბელგიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჰეინ ვანჰეზებრუკმა 22 წლის ქართველ ნახევარმცველს ნდობა ბელგიის ჩემპიონატის მე-9 ტურში, სერკლ ბრიუგესთან საშინაო შეხვედრაშიც გამოუცხადა და არც უნანია. გიორგიმ, რომელმაც მოედანზე 78-ე წუთამდე დაჰყო, მეორე ტაიმში საგოლე გადაცემა შეასრულა და გუნდის რთულ გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა.

გიორგი სერკლ ბრიუგესთანაც სასტარტო 11-ეულში გამოჩნდა

გენტი 63-ე წუთამდე აგებდა, მაგრამ დარჩენილ დროში მატჩის ბედის შემოტრიალება მოახერხა. გამარჯვების გოლი მასპინძლებმა სწორედ ჩაკვეტაძის ჩაწოდების შემდეგ გაიტანეს - 2:1. მოგვიანებით ქართველმა ფეხბურთელმა, რომელიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს, ემოციები მედიას გაუზიარა.

"განსაკუთრებით მახარებს ის, რომ შემიძლია გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშე ვიყო. იოლი თამაში არ გამოგვივიდა და ამ გამარჯვების მოსაპოვებლად დიდი სამუშაო გავწიეთ.

რა თქმა უნდა, ტრავმებთან ხანგრძლივ ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია და თავს ასი პროცენტით მზად ჯერ კიდევ ვერ ვგრძნობ. 60-70 წუთის შემდეგ ფეხებში სიმძიმეს ვგრძნობ და შეცვლაც ამიტომ მოვითხოვე. ზოგჯერ ისევ მეუფლება ტრავმის მიღების შიში და ეს ბუნებრივია, როდესაც ამდენი ხანი გამიცდა. მოედნიდან გასვლამდე ძლიერი დარტყმა კი მივიღე, მაგრამ საბედნიეროდ, სერიოზული არაფერია", - აქვეყნებს ქართველი ფეხბურთელის სიტყვებს ბელგიური მედია

გენტმა სერკლ ბრიუგესთან გამარჯვების შემდეგ 11 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-13 პოზიციაზეა. გიორგი ჩაკვეტაძის გუნდი მომდევნო მატჩს 30 სექტემბერს, კონფერენსლიგის ჯგუფში, კვიპროსული ანორთოსისის წინააღმდეგ გამართავს, ბელგიის ჩემპიონატში კი 3 ოქტომბერს, ანტერვპენს ესტუმრება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები