Thumbnail

კაირი ირვინგი აცრაზე უარს ამბობს! ბრუკლინი რთულ მდგომარეობაშია

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • კაირი ირვინგი ვაქცინაციის წინააღმდეგია და აცრაზე უარი თქვა
  • ნიუ იორკის წესები მას საშინაო დარბაზში გამოცხადებას უკრძალავს
  • ბრუკლინმა ირვინგი ან უნდა გაცვალოს, ან მხოლოდ გასვლაზე ათამაშოს

NBA-ში გუნდები წინასასეზონო შეკრებას იწყებენ და კოვიდ 19-თან დაკავშირებული რეგულაციების გამო პირველი პრობლემებიც გაჩნდა.

NBA-ს მოთამაშეებისა და ორგანიზაციის წევრების 90 პროცენტზე მეტია აცრილი, თუმცა პრობლემას დარჩენილი 10 პროცენტი ქმნის, რადგან წინა სეზონისგან განსხვავებით, წესები იცვლება. ამ სეზონში ზოგიერთმა შტატმა და ქალაქმა დიდ ორგანიზაციებს აუკრძალა, რომ დასაქმების ადგილზე აუცრელი თანამშრომელი ჰყავდეთ. ასეთი წესები მოქმედებს ნიუ იორკსა და სან ფრანცისკოში. NBA-ს ადგილობრივი გუნდები, ბრუკლინი, გოლდენ სტეიტი და ნიუ იორკ ნიქსი სწორედ დიდი ორგანიზაციების კატეგორიაში შედიან.

ბრუკლინის გენერელურმა მენეჯერმა შონ მარკსმა რამდენიმე დღის წინ აღნიშნა, რომ ყველა მოთამაშე აცრილი არაა და ეს პრობლემებს შექმნის, თუმცა მას  აუცრელი მოთამაშეების ვინაობა არ დაუკონკრეტებია.

მოგვიანებით გაირკვა, რომ აუცრელია ბრუკლინის ვარსკვლავური 'გარდი' კაირი ირვინგი, რომელმაც ღიად თქვა, რომ აცრას არ აპირებს, რადგან მისთვის ეს უფლებების შელახვასთან ასოცირდება. ჟურნალისტებმა ისიც გაარკვიეს, რომ ირვინგს სხვადასხვა კონსპირაციის თეორიების სჯერა და ინტერნეტში მათ იწონებს კიდეც. კაირისგან ეს არავის გაკვირვებია - ის ძალიან უცნაური კაცია, ადრე სრულიად სერიოზულად ამტკიცებდა, რომ დედამიწა მრგვალი კი არა, ბრტყელია და მოგვიანებით ბოდიშის მოხდა მოუწია...

კაირიმ შარშანაც ბევრი პრობლემა შექმნა - ერთი პერიოდი თამაშზე უმიზეზოდ განაცხადა უარი

კანონით ორგანიზაციას მოთამაშის გაშვებას ვერ აიძულებენ, თუმცა მას უფლება არ ექნება, სამუშაო ადგილზე, ანუ კლუბის დარბაზში გამოცხადდეს. შარშან ეს აუცრელი მოთამაშეებისთვის ყოველდღიური ტესტირების შემთხვევაში შესაძლებელი იყო. წელს კი, ნიუ იორკსა და სან ფრანცისკოში ეს დაშვებული აღარ არის. კაირის ოჯახის წევრმა ჟურნალისტებთან კომენტარში აღნიშნა, რომ ირვინგის მსგავსად სხვა მოთამაშეებიც ფიქრობენ. 'როლინგ სტოუნსის' გამოთვლებით კი აუცრელი მოთამაშეების რაოდენობა 50-60 კაცამდეა. თუმცა, სხვა შტატებში მდებარე გუნდებს ასეთი პრობლემები არ აქვთ, ბრუკლინი კი რთული დილემის წინაშე დგას.

ამ მოცემულობით ირვინგს საშინაო თამაშების გამოტოვება მოუწევს, ეს კი ნახევარი სეზონია. მისი ვარსკვლავური სტატუსიდან გამომდინარე ბრუკლინს მისი გაშვება ან გაცვლა გაუჭირდება. მით უმეტეს, რომ კაირის ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს კევინ დურანტთან, 'ნეთსის' უპირველეს ვარსკვლავთან. ეს დუეტი ბრუკლინში სწორედ ერთად სათამაშოდ შეიკრიბა. 'ნეთსი' სერიოზულად განიხილავს, რომ ირვინგი მხოლოდ გასვლით თამაშებში დაეხმარება გუნდს. გასვლაზე მას პრობლემა არცერთ ქალაქში არ შეექმნება, რადგან კანონი მხოლოდ იმ ქალაქში ან შტატში მდებარე ორგანიზაციის დასაქმებულებს ეხება, რომელიც იურიდიულად იქ არის გაფორმებული.

ცნობილია ისიც, რომ კაირი ძალიან ჯიუტია და მასზე რაიმე ტიპის ზეწოლის მოხდენა პრაქტიკულად შეუძლებელია. ბრუკლინი ღიად ჯერ ამაზე არ საუბრობს, თუმცა სხვა ვარიანტიც არსებობს - კაირის გაცვლა რომელიმე იმ შტატში მდებარე ორგანიზაციის მოთამაშეზე, სადაც ამ ტიპის შეზღუდვა მას თამაშში ხელს არ შეუშლის. უკვე მეორე წელია, ირვინგი თავისი ორგანიზაციას ბევრ პრობლემას უქმნის. ბრუკლინმა ის ან უნდა გაცვალოს, ან მხოლოდ ნახევარი სეზონით ჰყავდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები