Thumbnail

NBA | შანსი ვეტერანს - გოლდენ სტეიტი ეივერი ბრედლის იტოვებს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • გოლდენ სტეიტი ეივერი ბრედლის კონტრაქტზე შეუთანხმდა
  • იგი რეგულარული სეზონის განაცხადისთვის ბრძოლას აგრძელებს
  • სამაგიეროდ, უორიორსმა აიზეა ტომასი არ დაიტოვა

NBA-ს ცნობილი ინსაიდერის, შემს შარანიას და The Athletic-ის ენტონი სლეიტერის ინფომაციით, ეივერი ბრედლის გოლდენ სტეიტ უორიორსში დარჩენა გადაწყვეტილი ამბავია. კონტრაქტის დეტალები ჯერაც უცნობია, თუმცა ამერიკულ მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, საქმე ე.წ. არაგარანტირებულ ხელშეკრულებას ეხება.

რეგულარული სეზონის განაცხადში ბრედლის ადგილი ჯერ გარანტირებული არ აქვს. გოლდენ სტეიტმა Training-Camp-კონტრაქტი 29 წლის მცველ ლენგსტონ გელოუეის და ცენტრ ჯორდან ბელსაც გაუფორმა. სლეიტერის ინფორმაციით, ზემოთ ხსენებული ტრიო რეგულარული სეზონის განაცხადში მოსახვედრად იბრძოლებს.

ეივერი ბრედლისთან და სხვა ვეტერანებთან ერთად, გასულ კვირას გოლდენ სტეიტში აიზეა ტომასიც ვარჯიშობდა. როგორც იცით, 32 წლის ტომასი ხანგრძლივი იძულებითი პაუზის შემდეგ NBA-ში დაბრუნებას ცდილობს. მიუხედავად იმისა, რომ ვარჯიშებზე კარგად გამოიყურებოდა, გოლდენ სტეიტმა მის დატოვებაზე უარი თქვა, რადგან პრიორიტეტს სხვა პოზიციების გაძლიერებას ანიჭებს.

სამაგიეროდ, მომდევნო შანსი მიიღო ბრედლიმ, რომელიც წინა სეზონში მაიამი ჰიტსა და ჰიუსტონ როკეტსში ასპარეზობდა. 2020/2021 წლების სეზონში მან სამქულიანების მხოლოდ 32,7 პროცენტი ჩააგდო, ჯამში კი მისი სროლების 37,4 პროცენტი იყო ზუსტი (6,4 ქულა საშუალოდ თამაშში). თავის კარიერაში მას სამქულიანებში საშუალოდ 36,3-პროცენტიანი მაჩვენებელი აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები