Thumbnail

შიო ხეცურიანი: ვერ მოვახერხეთ ვიღაცის პირად ინტერესებზე მაღლა დადგომა...

  • დღეს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში ჩატარდება.
  • ხეცურიანის განცხადების შემდეგ, კანდიდატი ერთია - პაატა გურასპაული.
  • საარჩევნო კამპანიაში ხეცურიანს მხარს ნაკრების ყოფილი და ამჟამინდელი კალათბურთელები უჭერდნენ.

შიო ხეცურიანმა კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, კენჭისყრის დაწყებამდე ერთით საათით ადრე, კანდიდატურა მოხსნა. პრეზიდენტად პაატა გურასპაული აირჩიეს.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებზე სულ ორი კანდიდატი იყო რეგისტრირებული: პაატა გურასპაული და შიო ხეცურიანი. არჩევნების დაწყებამდე ხეცურიანმა სასტუმრო რუმსში საგანგებო ბრიფინგი გამართა და კანდიდატურის მოხსნის შესახებ განცხადება გააკეთა:

"მადლობა მინდა გადავუხადო ჩემ თანამოაზრეებს და ყველას, ვინც გვერდში მედგა საარჩევნო კამპანიის დროს. ვიბრძოლეთ იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რაც დღესაც ხდება კალათბურთის ფედერაციის მხრიდან. არაერთხელ ვისაუბრეთ ამ თემაზე და იმ უთანასწორო გარემოზე, რომელიც წინასაარჩევნოდ იყო შექმნილი. დღესაც არ ვიცით ზუსტად, ვინ იქნებიან ხმის უფლების მქონე დელეგატები.

მთელი გულით ვცდილობდით, რომ ქართული კალათბურთის წინსვლისთვის გვეშრომა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ ვიღაცის პირად ინტერესებზე მაღლა დადგომა. ვხსნი კანდიდატურას, ჩემ ოპონენტს, რომელსაც დღეს აირჩევენ პრეზიდენტად, წარმატებას ვუსურვებ. 

მე ჩემ გუნდთან ერთად ვრჩები კალათბურთში - როგორც აქამდე ვცდილობდით, ისე ვეცდებით მომავალშიც, რომ ქართული კალათბურთისთვის ვიღვაწოთ,” - განაცხადა შიო ხეცურიანმა ბრიფინგზე.

დაძაბული წინასაარჩევნო გარემო

წინასაარჩევნო გარემო დაძაბული და სკანდალური იყო: ხეცურიანი ღიად დაუპირისპირდა გურასპაულს და არაერთხელ განაცხადა, რომ კალათბურთის ფედერაციამ კანდიდატები უთანასწორო გარემოში ჩააყენა და ყველაფერი გაკეთდა, რომ არჩევნებში მათ კანდიდატს გაემარჯვა. 

თავად გურასპაული უარყოფს, რომ ის ფედერაციის გუნდის წევრი და შესაბამისად, ფედერაციის კანდიდატია. 

არჩევნების წინ, ქართული საკალაბურთო საზოგადოება ორ ნაწილად გაიყო!

საარჩევნო კამპანიაში ხეცურიანს მხარი დუჭირეს საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა და ამჟამინდელი ლიდერებმა: ზაზა ფაჩულიამ, თორნიკე შენგელიამ და გიორგი შერმადინმა.

შიო ხეცურიანის სასარგებლოდ თავისი კანდიდატურა მანამდე მოხსნა კახა შენგელიამ.

კომენტარები

ბოლო ამბები