Thumbnail
  • იუვენტუსი 3:2 სამდორია 
  • ტურინელებმა მოიგეს, მაგრამ ორი ფეხბურთელი დაკარგეს

სერია A-ს მე-6 ტურში იუვენტუსმა სამპდორიას უმასპინძლა და მიმდინარე სეზონში პირველი საშინაო მატჩი მოიგო - 3:2, თუმცა, მასიმილიანო ალეგრის გუნდს ეს გამარჯვება ძვირად დაუჯდა, რადგან ორი წამყვანი თავდამსხმელი, პაულო დიბალა და ალვარო მორატა დაუშავდა.

დიბალა, რომელმაც მე-10 წუთზე ანგარიში ეფექტური გოლით გახსნა, მოედნიდან 21-ე წუთზე კუნთის პრობლემის გამო საკუთარი ფეხით, მაგრამ თვალცრემლიანი გავიდა, მორატა კი მატჩის ბოლოს შეცვალეს. ჯერ არცერთ ფეხბურთელს სამედიცინო გამოკვლევა არ ჩატარებია, მაგრამ ალეგრიმ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ ისინი უახლოეს ორ მატჩში ვერ ითამაშებენ. იუვეს კი ეს ორი თამაში ჩელსისთან და ტორინოსთან ელოდება - საკმაოდ რთული დაპირისპირებები.

დიბალამ ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა, მაგრამ მერე ტრავმა მიიღო

"ჩელსისთან და ტორინოსთან ნამდვილად არ იქნებიან. შემდეგ სანაკრებო პაუზაა და ვნახოთ რა მოხდება. იმედი გვაქვს, რომ მისი დასრულების მერე დაგვიბრუნდებიან. ახლა ეს ჩვენ დაგვემართა, მაგრამ მოგვიანებით შეიძლება სხვა გუნდებს დაემართოთ. ეს სეზონის შემადგენელი ნაწილია", - თქვა ალეგრიმ.

იუვენტუსმა სამპდორიას პაულო დიბალას, ლეონარდო ბონუჩისა და მანუელ ლოკატელის გოლებით მოუგო, 8 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-9 პოზიციაზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები