Thumbnail

ვალენსიას ქართველი მეკარის გიორგი მამარდაშვილის შესახებ ესპანური მედია აქტიურად წერს. ამჯერად, გიორგისა და იასპერ სილესენის კონკურენციის შესახებ სტატია ავტორიტეტულმა გამოცემა AS-მა გამოაქვეყნა, რომელშიც წერია, რომ "ლოს ჩე" 20 წლის მეკარის გამოსყიდვას მალე აპირებს.

სტატია კი იასპერ სილესენზე საუბრით იწყება, რომელმაც შანსი მე-7 ტურში მიიღო და გამოიყენა კიდეც, მაგრამ ამას მამარდაშვილზე მორალურად ცუდად არ უმოქმედია.

"სილესენი კარში 6 ტურის შემდეგ დაბრუნდა. ნიდერლანდელმა მეკარემ ძირითადის სტატუსი პრესეზონში მიღებული ტრავმისა და მამარდაშვილის მაღალ დონეზე თამაშის გამო დაკარგა, მაგრამ საბოლოოდ, ბორდალასმა მისცა შანსი, რომელსაც ამდენი ხანი ელოდა. მანაც ის არ გაანიავა. "ლოს ჩეს" მე-13 ნომრის ბრწყინვალე სეივმა საშუალება მისცა ბილბაოს ატლეტიკთან ქულა გადაერჩინა. უდავოა, რომ მარკოს ანდრეს გოლსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ სწორედ იასპერმა შეუნარჩუნა გუნდს ფრე ინიაკი ვილიამსის დარტყმის შემდეგ. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე სილესენის დამსახურება ბორდალასმაც აღნიშნა. "მან თამაშის მიწურულს შესანიშნავი სეივი შეასრულა", - თქვა მწვრთნელმა.

ამ სეზონში სილესენმა პირველად ითამაშა და გიორგი პირველად დარჩა სკამზე

იასპერისთვის სეზონი მარტივად არ დაწყებულა და მართალია, ყოველთვის ინარჩუნებდა პროფესიონალიზმს, სანაკრებო პაუზის შემდეგ სათადარიგო სკამზე ჯდომა მისთვის დიდი ემოციური დარტყმა იყო. ბორდალასი მას ესაუბრა და დაარწმუნა, რომ შანსს მალე მიიღებდა. ამიტომაც, გასაკვირი არ არის, რომ მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე მეკარის შეცვლის თაობაზე თქვა: "მხოლოდ სპორტულ ასპექტზე არ მიფიქრია".

შეცვლა არავის სიამოვნებს, მიუხედავად იმისა, რომ მამარდაშვილი თავიდან ძირითად მეკარედ არ მიიჩნეოდა. გიორგის ოცნება აუხდა, როდესაც ის ტურიას დედაქალაქში ჩავიდა მეორე გუნდში სათამაშოდ. ახლა მას თამაშის ამბიცია აქვს, მაგრამ მორალურად ცუდი დარტყმა ნამდვილად არ მიუღია. უფრო მეტიც, ვალენსიამ და მისმა აგენტებმა ბოლო საათებში გააქტიურეს მოლაპარაკებები გამოსყიდვის თაობაზე. უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ვარიანტის გარდა, რაც ითვალისწინებს დინამო თბილისისთვის იავრამდე 700 000 ევროს გადახდას, კლუბი აპირებს ფეხბურთელთან კონტრაქტის გაფორმებასაც, რომელიც მას დაიცავს", - წერს AS.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი ვალენსიაში ერთწლიანი იჯარით გადავიდა და ზაფხულში პრესეზონის მატჩებში თავი დამაჯერებელი თამაშით გამოიჩინა. ამგვარად, შანსი ლა ლიგაშიც მიიღო, სადაც პირველი ტურის საუკეთესო მეკარედ დასახელდა. მან მიმდინარე სეზონში 6 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაუშვა და 2-ჯერ კარი მშრალად შეინახა.

კომენტარები

ბოლო ამბები