Thumbnail
  • მანჩესტერ იუნაიტედი 0:1 ასტონ ვილა
  • მანჩესტერმა ყველა ტურნირის ბოლო ოთხი მატჩიდან სამი წააგო
  • 93-ე წუთზე ბრუნუ ფერნანდეშმა 11-მეტრიანიდან ვერ გაიტანა
  • სულშერის თქმით, ასტონ ვილას გოლის ეპიზოდში თამაშგარე იყო 

მანჩესტერ იუნაიტედმა ინგლისის პრემიერლიგის მე-6 ტურის საშინაო მატჩი ასტონ ვილასთან წააგო - 0:1. 

"ოლდ ტრაფორდზე" სტუმრებმა 88-ე წუთზე გაიტანეს, მანჩესტერს კი ქულის გადარჩენის შანსი კომპენსირებულ მესამე წუთზე მიეცა, როდესაც არბიტრმა ასტონ ვილას კარში 11-მეტრიანი დანიშნა. კრიშტიანო რონალდომ პენალტის დარტყმის შესრულება ბრუნო ფერნანდეშს დაუთმო, მაგრამ ამ უკანასკნელმა შანსი ვერ გამოიყენა.

თამაშის შემდეგ მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა განაცხადა, რომ ასტონ ვილამ გოლი თამაშგარე მდგომარეობიდან გაიტანა.

“როდესაც შენს გუნდს კარგ გოლს გაუტანენ, შეიძლება ის მიიღო, მაგრამ აქ ოფსაიდი იყო. რატომ ითვლება ეს გოლი და არ ითვლება ლესტერის ანალოგიური გოლი? ლოგიკა არ მესმის, ეს აშკარა თამაშგარეა. 

ფერნანდეშის პენალტი არ მინახავს, რადგან ის უშედეგო აღმოჩნდა და რთულია რაიმეს თქმა. სამწუხაროა, რომ ქულის მოპოვების შანსი ხელიდან გავუშვით. არ ვაპირებ ამაზე ლაპარაკს, მაგრამ არასწორია, რომ ასტონ ვილას მოთამაშეები ფერნანდეშს პენალტის შესრულებაში ხელს უშლიდნენ. ამისთვის ყვითელი ბარათის ჩვენებაა საჭირო, მაგრამ მათ მიიღეს ის, რაც სურდათ. 

ძალიან აგრესიულები ვიყავით, ძალიან კარგები გადაცემებში, წინ სწრაფად მივიწევდით, მაგრამ ბოლო პასის დროს და დამაგვირგვინებელ ფაზაში საუკეთესოდ არ გამოვიყურებოდით. 30-იდან 20 დარტყმა დაიბლოკა.

3 წაგება ბოლო 4 მატჩში - როდესაც თამაშებს აგებ, ნერვიულობის საფუძველი ყოველთვის არსებობს”, - თქვა სულშერმა. 

ინგლისის პრემიერლიგაში გასული 6 ტურის შემდეგ, მანჩესტერ იუნაიტედს 13 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 2 ოქტომბერს, სულშერის გუნდი შინ ევერტონს მიიღებს.

კომენტარები

ბოლო ამბები