Thumbnail

3 გოლი და 5-ქულიანი უპირატესობა - დინამო ბათუმმა სამგურალიც დაამარცხა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

საქართველოს ჩემპიონატის 26-ე ტურში ლიდერმა დინამო ბათუმმაც მოიგო და მეორე ადგილზე მყოფმა დინამო თბილისმაც, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შორის 5-ქულიანი სხვაობა შენარჩუნდა. 

დინამოებმა საკმაოდ იოლი გამარჯვებები მოიპოვეს. ბათუმელებმა შინ წყალტუბის სამგურალს 3:0 აჯობეს, ხოლო თბილისელებმა აუტსაიდერი სამტრედია 5:1 გაანადგურეს. საინტერესოა, რომ სამტრედიელთა შორის ერთადერთი გოლი გიორგი არაბიძემ გაიტანა, თანაც ძალიან ეფექტური.

დინამო ბათუმი შესანიშნავ ფორმაშია და ეს სამგურალთან მატჩში კიდევ ერთხელ დამტკიცდა. პირველი ტაიმი შედარებით მოსაწყენი გამოდგა, საგოლე მომენტები პრაქტიკულად არ შექმნილა, მაგრამ ანგარიში ტაიმის მიწურულს მაინც გაიხსნა. 44-ე წუთზე ჯაბა ჯიღაურმა ძალიან კარგად ითამაშა და სეზონში მე-10 გოლი გაიტანა. ბათუმელთა უპირატესობა მე-2 ტაიმში კიდევ უფრო გაიზარდა. 52-ე წუთზე ჯოვინოს პასით ვლადიმერ მამუჩაშვილმა შეძლო წყალტუბოელთა კარის აღება, მერე კი სანდრო ალთუნაშვილმაც გამოიჩინა თავი და ანგარიში 3:0 გახადა. დარჩენილ დროში თამაშმა ინტრიგა დაკარგა და გია გეგუჩაძის გუნდმა საქმე გამარჯვებამდე ადვილად მიიყვანა.

დინამო ბათუმმა ამ გამარჯვებით 56 ქულა დააგროვა და ლიდერის პოზიციაზე დამაჯერებლადაა, სამგურალი კი 34 ქულით მე-6 საფეხურზეა. მომდევნო ტურში გეგუჩაძის გუნდი 29 სექტემბერს, გორში დილას დაუპირისპირდება, ხოლო სამგურალი შინ ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლებს. დინამო თბილისს კი იმავე დღეს ლოკომოტივთან დერბი ელის.


26-ე ტურში კიდევ ორი მატჩი გაიმართა. ქუთაისში, ტორპედოს თბილისის ლოკომოტივმა ირაკლი სიხარულიძის ერთადერთი გოლით აჯობა (1:0). გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა 3-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და 40 ქულით მე-5 ადგილზეა, ტორპედოს აქტივში კი 25 ქულა და მე-7 პოზიციაა. დილამ სტუმრად თელავს ცოტნე მოსიაშვილისა და უსმანე კამარას გოლებით 2:0 მოუგო. ანდრეი დემჩენკოს გუნდი 43 ქულით მე-3 ადგილზეა, თელავს 25 ქულა აქვს და მე-8 პოზიციაზეა.

დინამო ბათუმი 3:0 სამგურალი

გოლები: 1:0 ჯიღაური (44), 2:0 მამუჩაშვილი (52), 3:0 ალთუნაშვილი (63)

გაძევება: კალანდარიშვილი (70)

დინამო ბათუმი (4-2-3-1): კუპატაძე - ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, აზაროვი (79. ნავალოვსკი) - ტეიდი (67. მანჯგაალაძე), ალთუნაშვილი - მამუჩაშვილი (71. გაფრინდაშვილი), ჯოვინო (67. გროცურეკი), ჯიღაური (79. შინდაგორიძე) - ფანცულაია

სამგურალი (4-5-1): ქვილითაია - კიკაბიძე, ქურდაძე, პატარკაციშვილი, კალანდარიშვილი - ვერულიძე (66. დოლიძე), ბურჯანაძე (66. თევზაძე), ფონიავა (72. ახვლედიანი), ტურე (46. ჩიხლაძე), ლექვთაძე - კუხიანიძე (72. ამინუ)

 

კომენტარები

ბოლო ამბები