Thumbnail

ბარსელონაში, რონალდ კუმანის გარშემო ვითარება დღითი დღე უფრო აბსურდული ხდება. სკანდალურ პრესკონფერენციას, კადისთან 0:0-ს და იმ სიტყვებს, რაც ნიდერლანდელმა ამ მატჩის შემდეგ თქვა, ახლა მისი დისკვალიფიკაციაც დაემატა.

“აგონია” - წერდა ესპანური სპორტული გამოცემა AS. “ფრუსტრაცია” - ასეთი იყო Sport-ის სათაური.

“ამ ქვეყანაში მწვრთნელებს წითელ ბარათებს არაფრის გამო აძლევენ” - ეს თავად კუმანის სიტყვებია, თუმცა კადისთან მატჩის შემდეგ უარესებიც ილაპარაკა - მან თქვა, რომ “ბედნიერია, რადგან გუნდმა კარგად ითამაშა” და ა.შ.

ჩვენი ესპანელი კოლეგები წერენ, რომ ბარსელონას პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა კუმანით სულ უფრო და უფრო უკმაყოფილოა. ისიც დაიწერა, რომ 26 სექტემბერს, ჯერაც მოგების გარეშე მყოფ ლევანტესთან მატჩში წარუმატებლობის შემთხვევაში 58 წლის ნიდერლანდელი უმუშევარი დარჩება.

ახლა კი ცნობილი გახდა, რომ მისთვის გადამწყვეტ მატჩს კუმანი თვალს სათადარიგოთა სკამიდან ვერ მიადევნებს, რადგან ლა ლიგამ 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

კუმანის სავარაუდო შემცვლელთა სიაში ყველაზე ხშირად ბარსას ლეგენდა ჩავი ერნანდესს, ბელგიის ნაკრების მწვრთნელ რობერტო მარტინესს და ლეგენდარულ ფრანგ ტიერი ანრის ასახელებენ. მედიაში გერმანიის ნაკრების ყოფილი დამრიგებლის, იოახიმ ლიოვის გვარმაც გაიჟღერა, თუმცა გერმანული წყაროების ცნობით, ეს ნამდვილად სპეკულაციაა.

ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატში ბარსელონა 9 ქულით მე-7 ადგილზეა. კატალონიურ გრანდს ბოლო 3 ოფიციალური მატჩი არ მოუგია - ბაიერნთან 0:3, გრანადასთან 1:1 და კადისთან 0:0.

კომენტარები

ბოლო ამბები