Thumbnail
  • არგენტინელი ვარსკვლავი ინდივიდუალურად ვარჯიშობს და გამოკვლევას ელის
  • პსჟ-ს 25 სექტემბერს ლიგა 1-ის მატჩს ჩაატარებს, ჩემპიონთა ლიგაში კი 28-ში იასპარეზებს

პსჟ-ს არგენტინელი ვარსკვლავი ლიონელ მესი მონაწილეობას ვერ მიიღებს მონპელიესთან მოახლოებულ მატჩში, რომელიც საფრანგეთის ლიგა 1-ის ეგიდით, შაბათს, 25 სექტემბერს შედგება.

34 წლის მესიმ, რომელსაც მუხლის ტრავმა აწუხებდა, ინდივიდუალური ვარჯიში სწორედ დღეს განაახლა, თუმცა, ის საერთო ჯგუფთან ერთად წვრთნისთვის ჯერ მზად არ არის. ლეო მომდევნო გამოკვლევას კვირას გაივლის და მისი მინდორზე დაბრუნების ვადებიც სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

პარიზულ გრანდში დიდი იმედი აქვთ, რომ არგენტინელი ფორვარდი მომჯობინებას მოახერხებს ჩემპიონთა ლიგის მორიგი ტურისთვის. 28 სექტემბერს პსჟ მანჩესტერ სიტის ეთამაშება და ცხადია, რომ ესოდენ პრინციპული დაპირისპირებისთვის, ლეოს ფორმაშიი ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

ცნობილია ისიც, რომ პარიზელები მონპელიესთან შეხვედრაში ვერც ესპანელ სერხიო რამოსსა და იტალიელ მარკო ვერატის დაიხმარენ. ორივე ამ ფეხბურთელს ტრავმა აწუხებს. შეგახსენებთ, რომ მაურისიო პოჩეტინოს შეგირდებს ლიგა 1-ში 7-ვე მატჩი მოგებული აქვთ და ერთპიროვნული ლიდერები არიან, ჩემპიონთა ლიგის სასტარტო ტურში ბელგიაში ბრიუგესთან ფრედ ითამაშეს.

კომენტარები

ბოლო ამბები