Thumbnail
  • საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში ტყუპები თამაშობენ
  • მწვრთნელების აზრით, ორივე ძალიან ნიჭიერია
  • პოპსპორტი ოთო და გიზი მამაგეიშვილებს ახლოს გაგაცნობთ

დღეს, საქართველოს 19-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას იწყებს, ჯგუფში კი მეტოქეებად კოსოვო, ნორვეგია და უელსი ჰყავს. ჯგუფიდან 2 გუნდი ელიტრაუნდში გადის. U19 ნაკრები სამივე თამაშს ამ დღეებში, 6, 9 და 12 ოქტომბერს გამართავს. მნიშვნელოვანი შეხვედრების წინ პოპსპორტი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ორ გამორჩეულ ფეხბურთელს შეხვდა და ესაუბრა.

ისინი ტყუპები არიან - ოთო და გიზი მამაგეიშვილები საბურთალოშიც ერთად თამაშობენ. მიზნად, რა თქმა უნდა ფეხბურთის უმაღლეს დონეზე თამაშს ისახავენ. პოზიციით ორივე ნახევარმცველია, თუმცა ოთო ჩამშლელის, ხოლო გიზი კი გამთამაშებლის პოზიციაზე თამაშობს. 18 წლის ძმებს ბურთი და ფეხბურთი ბავშვობიდან უყვართ და ამ სპორტზე სიარული მცირე ასაკიდანვე გადაწყვიტეს. პოპსპორტი ტყუპებს ახლოს გაგაცნობთ.

გიზი მამაგეიშვილი: "ბურთი ბავშვობიდან მიყვარდა - თანაც, ძალიან. რა თქმა უნდა, ეზოდან დავიწყეთ. ზოგადად, ფეხბურთი ბაბუას უყვარდა ძალიან და სწორედ მას სურდა, რომ ფეხბურთელები გამოვსულიყავით." 

ოთო მამაგეიშვილი: "6 წლის ვიყავით, როდესაც ფეხბურთზე შევედით, თუმცა მანამდეც სულ ვთამაშობდით. ისე, სხვა სპორტებიც გვიზიდავდა - კალათბურთი, ჩოგბურთი, თუმცა თავიდანვე ფეხბურთზე სიარული გადავწყვიტეთ და სხვა სპორტზე არ გვივლია."

ძმებმა ფეხბურთში პირველი ნაბიჯები საბურთალოს აკადემიაში გადადგეს, რომელშიც ახლაც ირიცხებიან. გიზისთვის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გუნდთან ერთად ჩატარებული პირველი ვარჯიში აღმოჩნდა, სადაც მან ორი გოლის გატანა შეძლო. 

გიზი: "თავიდანვე საბურთალოს აკადემიაში მოვხვდით. პირველივე ვარჯიშზე ორი ბურთი გავიტანე და ძალიან ბედნიერი ვიყავი. თანაც, ვარჯიშს ბაბუაც ესწრებოდა და ძალიან აინტერესებდა, როგორ ვითამაშებდით ფეხბურთს ეზოს გარეთ. მახსოვს, როგორი ბედნიერი იყო გოლებით."

ოთო: "პირველი ვარჯიში კარგად არ მახსოვს, თუმცა მაშინ პატარა ტურნირები ტარდებოდა და თუ სწორად მახსოვს, პირველი გოლი მორკინალს, სუსტი ფეხით (მარცხენა), გავუტანე და ეს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი იყო."

როგორც ვთქვით, ტყუპები ახლა საქართველო 19 წლამდელთა ნაკრების წევრები არიან. მათი პირველი ასაკობრივი ნაკრები U15 იყო. მათ ერთ-ერთ თამაშს გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი ჩიტაური დაესწრო, რომელმაც ოთოს და გიზის უთხრა, რომ მათ მიმართ დიდი ინტერესი ჰქონდა.   

გიზი: "პირველად 15 წლამდელთა ნაკრებში გამოგვიძახეს, უფრო მცირე ასაკის ბავშვებისთვის კი რეგიონული ნაკრებებია. თბილისის ნაკრებში სულ ერთხელ ვიყავი გამოძახებული და გუნდში სტაბილურად ვერ ვხვდებოდი. როცა U15 ნაკრები ჩამოყალიბდა, მეც და ოთოც პირველივე შეკრებაზე გამოგვიძახეს. ეს ძალიან დიდი სიხარული იყო. რაკი თბილისის ნაკრებში ვერ ვხვდებოდი, არ ველოდი, რომ ამ ასაკობრივ გუნდში დამიძახებდნენ."

ოთო: "14 წლის ვიყავით, როდესაც საქართველოს U15-ის ნაკრები შეიკრიბა და იმ გუნდში მოხვედრა ძალიან მაგარი ამბავი იყო. თბილისის და რეგიონულ ნაკრებებში მოხვედრა შედარებით მარტივია და ეროვნულ ნაკრებთან შედარებით ძალიან დიდი კონკურენციაც არ არის. პირველი შეკრება ჩემთვის ცოტა უსიამოვნო გასახსენებელია, რადგან ერთმანეთში ამხანაგური მატჩის დროს ტრავმა მივიღე და შეკრების დატოვება მომიწია." 

ერთ-ერთი ემოციური მომენტი ნაკრებში გამოძახებასთან ერთად საქართველოს ეროვნული ჰიმნის პირველად შესრულება იყო.

ოთო: "ყველაზე მაგარი შეგრძნება იყო, როდესაც ჰიმნი პირველად ვიმღერეთ. ეს უსაზღვრო ემოციები იყო და ცრემლები ვერ შევიკავე... რა თქმა უნდა, ეროვნულ ნაკრებში თამაშზე ვოცნებობთ - ფეხბურთელისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავია." 

გიზი: "ნაკრების პირველ თეორიაზე დაგვიდეს ფურცლები, სადაც ჰიმნი ეწერა და ყველას მისი სწავლა დაგვავალეს და გვითხრეს. ერთი სული გვქონდა, როდის ვიმღერებდით ჰიმნს. როდესაც მოედანზე გავედით და ჰიმნის შესრულება დავიწყეთ, ეს იმხელა ემოცია იყო, რომ სიტყვით ვერ აღვწერ."

ფეხბურთს ბავშვობიდან ერთად თამაშობენ. მოედანზე ერთად ყოფნა მათთვის ძალიან კომფორტულია. ტყუპებისთვის ხშირად დასმულ კითხვაზე, რომელი უფრო უკეთესი ფეხბურთელია, ასე პასუხობენ ხოლმე: 

ოთო: "მე ვამბობ, რომ გიზი უკეთ თამაშობს, ის კი პირიქით, ამბობს, რომ მე ვჯობივარ. ზუსტად ვერ გეტყვით. როდესაც შენს ძმასთან 10 წელზე მეტია თამაშობ, ძალიან კარგად იცნობ და იცი, რას იზამს მოედანზე, ეს დიდი პლუსია."

გიზი: "იყო პერიოდი, როცა ოთო მართლა მჯობდა. ახლა, როდესაც პოზიციები გამოიკვეთა (გიზი შემტევი ნახევარმცველია, ოთო საყრდენი), ცოტა სხვანაირად არის და შედარებაც უჭირთ. ჩემი აზრით, ორივე ერთ დონეზე, თანაბრად ვთამაშობთ. ძმასთან ერთად თამაში ძალიან კომფორტულია, რადგან წინასწარ იცი, რას გააკეთებს და ზუსტად იქ იხსნები, სადაც საჭიროა. ძმური ინსტინქტები მუშაობს - ოთოს მოედანზე ვგრძნობ და მისი ძალიან კარგად მესმის." 

გიზი შემტევი ნახევარმცველია და 10 ნომრის პოზიციაზე თამაშობს

რეალური ფეხბურთის გარდა, ძმები ერთმანეთში ხშირად თამაშობენ საფეხბურთო სიმულატორ FIFA-ს. კითხვაზე, რომელი უკეთესია FIFA-ში, ტყუპებმა ცოტათი განსხვავებული პასუხები გასცეს. 

გიზი: "FIFA 19-სა და FIFA 20-ში სულ ვუგებდი და ყველაფერი გასაგები იყო. რაც FIFA 21 გამოვიდა, მას შემდეგ მართლა არ მახსოვს, რომ მომეგოს. ძირითადად ბუქნებზე და მსგავს რაღაცებზე ვთამაშობ და არ მახსოვს, ოთოს ერთხელ მაინც გაეკეთებინოს. FIFA 22-ში შანსი არ ექნება."

ოთო: "ჩემი აზრით და რეალურადაც, FIFA 19-ში ოდნავ წინააღმდეგობას მიწევდა, მაგრამ FIFA 20-ში და FIFA 21-ში უკვე წაუგებელი სერია მაქვს. ერთმანეთში ხშირად ვთამაობთ და ძირითადად სახლში."     

როგორ ზემოთ აღვნიშნეთ, ოთო პოზიციით საყრდენი ნახევარმცველია, ხოლო გიზი - შემტევი. გიზის თქმით, მის სათამაშო სტილს ხშირად ადარებენ კევინ დე ბრუინისას. 

გიზი: "პოზიციიდან გამომდინარე, სტილით, ცოტათი კევინ დე ბრუინს ვგავარ. რაც შეეხება ქართველს 10 ნომერს - ოთარ კიტეიშვლი ძალიან მაგარია და მცირედით მასაც მივასმგავსებდი თავს. საკმაოდ ხშირად მეუბნებიან, რომ სათამაშო სტილით დე ბრუინს ვგავარ."

ოთო: "ქართველი ფეხბურთელებიდან ჩემი სათამაშო სტილი ალბათ ჯაბა კანკავას სტილს ჰგავს. ვფიქრობ, ძალიან მაგარი საყრდენია. მეც ისე მიყვარს შორიდან ლამაზად და ძლიერად დარტყმა, როგორც მას. უცხოელს რაც შეეხება - ალბათ ფრენკი დე იონგის სტილი, თუმცა მასთან შედარებით სისწრაფე მაკლია და ამის გამო უფრო ბუსკეტსს მამსგავსებენ."   

ოთო საყრდენი ნახევარმცველია

ქართული ფეხბურთის ისტორიას შოთა და არჩილ არველაძეების სახით განსაკუთრებული ტყუპები ჰყავს. მამაგეიშვილებისთვის არველაძეები მისაბაძი მაგალითები არიან.   

გიზი: "შოთი და აჩი ჩვენთვის ძალიან სამაგალითოები არიან. შოთი ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია და საკლუბო დონეზეც ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა. გვსურს, რომ მათ შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ცნობილი ტყუპები ვიყოთ." 

ოთო: "ხშირად გვეუბნებიან, მომავალი ძმები არველაძეები ხართო. ასეთი კომპლიმენტი გასახარებელია. გვსურს, რომ მათზე არანაკლები ფეხბურთი ვითამაშოთ."

ოთო მადრიდის რეალის გულშემატკივარია - გიზი ბარსელონასი. აქედან გამომდინარე, მათ შორის ხშირი იყო კამათი და ამის გამო სახლში ორი ტელევიზორი ჰქონდათ.

ოთო: "ამის გამო მთელი ბავშვობა ვჩხუბობდით და სახლში ორი ტელევიზორი გვქონდა. იმ პერიოდში ბარსელონა ხშირად იგებდა "ელ კლასიკოს" და როდესაც კატალონიელები გოლს გაიტანდნენ, გიზი მეორე ოთახიდან მიყვიროდა და დამცინოდა."

საქართველოს U19 ნაკრები 2022 წლის ევროპის U19 ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებს. 

გიზი: "მოსამზადებლად დიდი დრო აქ გვქონია, მაგრამ 2 შეკრება გავიარეთ. კარგად ვართ მომზადებულები და გუნდში ძალიან მაგარი განწყობაა. ასმაგი და ათასმაგი მოტივაცია გვაქვს, რომ ეს ეტაპი დავძლიოთ და ელიტრაუნდში გავიდეთ."

მეორე შეკრება ასაკობრივმა ნაკრებმა სექტემბრის დასაწყისში გაიარა, სადაც ვასილ მაისურაძის გუნდი ესტონელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ და ორივე შეხვედრა ქართველების გამარჯვებით დასრულდა. პირველი მატჩის დროს ოთომ დაახლოებით 30 მეტრიდან ულამაზესი გოლი გაიტანა. მეორე შეხვედრაც გამოვიდა: ნაკრები ესტონეთთან 90-ე წუთამდე მარცხდებოდა, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მაისურაძის გუნდმა 2 გოლის გატანა და შეხვედრის მოგება შეძლო. 

ოთო: "ევროსარბიელამდე სამზადისმა ძალიან კარგად ჩაიარა. მეორე შეხვედრაში ბოლო წუთებზე მოპოვებულმა გამარჯვებამ განწყობა კიდევ უფრო აგვიმაღლა. რაც შეეხება ჩემს გოლს: ზოგადად, სულ ვცდილობ, რომ შორიდან დავარტყა, რადგან ძლიერი დარტყმით გამოვირჩევი. პოზიციიდან გამომდინარე ხშირად არ მაქვს საშუალება, რომ კართან ახლოს მივიდე. ესტონეთთან ძალიან ლამაზი გოლი გამომივიდა. ყველამ ვიცოდით, რომ ესტონელები ჩვენთან ბურთის დაჭერას ვერ შეძლებდნენ და თამაშს ჩაკეტავდნენ. სწორედ ამიტომ, დავალება გვქონდა, როდესაც დასარტყმელი სივრცე გამოჩნდებოდა, ნებისმიერი წერტილიდან დაგვერტყა. როდესაც მომენტი ვიგრძენი, დავარტყი და ლამაზი გოლიც გამომივიდა."    


საბურთალო 2-ში ძმები მამაგეიშვილების მწვრთნელი თემურ შალამბერიძეა, რომელსაც ასევე დავუკავშირდით და ტყუპებზე კომენტარი ვთხოვეთ.

თემურ შალამბერიძე (საბურთალო 2-ის მთავარი მწვრთნელი): "ორივე მართლაც ძალიან ნიჭიერია. უყვართ შრომა, საკუთარ თავზე ბევრს მუშაობენ. ყოველთვის იმას ვეუბნები, რომ აუცილებლად უნდა ითამაშონ დიდი ფეხბურთი. როცა ასე ნიჭიერი ხარ, უფლება არ გაქვს, რომ არ გამოიყენო. ორივე ძმას შეუძლია გუნდური და ინდივიდუალური თამაში - სწორედ ამიტომ, გუნდისთვის მსგავსი ტიპის ფეხბურთელები დიდი ფუფუნებაა. ტექნიკურები არიან და როგორც გიზის, ისე ოთოსაც, შორიდან დარტყმა და შეტევაში ჩართვა კარგად გამოსდის. ძმებმა დროსა და სივრცეში სწაფ თამაშზე და სწაფ აზროვნებაზე უნდა იმუშაონ. ფეხბურთელებისთვის ეს ყველაზე რთულია - მიიღო სწორი გადაწყვეტილება უმოკლეს დროში." 

კომენტარები

ბოლო ამბები