Thumbnail
  • რონალდ კუმანის გუნდიდან გათავისუფლება გადაწყვეტილი ამბავია
  • რობერტო მარტინესი ბელგიის ნაკრებიდან წასვლაზე თანახმაა

ესპანურ ბარსელონას რონალდ კუმანის გათავისუფლება ფაქტობრივად გადაწყვეტილი აქვს და ამ მიმართულებით აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. როგორც Goal.com წერს, კატალონიელთა მთავარი სამიზნე ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტო მარტინესია.

ბარსელონელები 48 წლის ესპანელ სპეციალისტს უკვე შეეხმიანენ და შესაძლო ახალი სამუშაოს შესახებ აზრი ჰკითხეს. მარტინესთან ოფიციალური მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა, თუმცა, მას უთხრეს, რომ ესპანური გრანდის სიაში პირველ ადგილზე სწორედ ის იმყოფება. ირკვევა, რომ ბარსელონაში გადასვლა თავად ესპანელ მწვრთნელსაც სურს, რის შესახებაც უკვე აცნობა ბელგიის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას.

ამასთან ერთად, ის მოქმედი პოსტის დატოვებას არ აპირებს უეფას ერთა ლიგის მატჩების დასრულებამდე, რაზეც ბარსელონა თანახმაა. აღნიშნული ტურნირის ნახევარფინალები 7 ოქტომბერსაა დაგეგმილი და ბელგია საფრანგეთს ეთამაშება, ფინალი და მატჩი მე-3 ადგილისთვის კი 10 ოქტომბერს შედგება. სხვათა შორის, დაიწერა ისიც, რომ ბარსელონა ერთ-ერთ ვარიანტად ტიერი ანრის კანდიდატურასაც განიხილავს, რომელიც ბელგიის ნაკრებში სწორედ მარტინესის ასისტენტია. 

ბარსაში ახალი მწვრთნელის დანიშვნაზე მას შემდეგ ფიქრობენ, რაც ნიდერლანდელი რონალდ კუმანის ხელში გუნდმა სეზონი კატასტროფულად დაიწყო. კატალონიელებს ჩემპიონატის 5 მატჩში 9 ქულა აქვთ და მე-7 ადგილზე იმყოფებიან, ამასთან, ლიდერ მადრიდის რეალს უკვე 7 ქულით ჩამორჩებიან. ჩემპიონთა ლიგის სასტარტო ტურში ბარსელონა მიუნხენის ბაიერნთან 0:3 განადგურდა.

კომენტარები

ბოლო ამბები