Thumbnail

'ბავშვივით მიხაროდა' - გიორგი ჩაკვეტაძე გენტის სასტარტოში დაბრუნებაზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ჩაკვეტაძემ გენტის სასტარტოში თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ ითამაშა
  • გიორგიმ ანდერლეხტთან მატჩის ემოციები კლუბის პრესსამსახურს გაუზიარა

გიორგი ჩაკვეტაძის გენტმა ჟუპილერ ლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში სტუმრად ანდერლეხტთან ქულა მოიპოვა (1:1), საქართველოს ნაკრების ნახევარმცველისთვის კი ეს მატჩი იმითაც იყო ღირშესანიშნავი, რომ ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ბელგიური გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ოფიციალურ მატჩში პირველად გამოჩნდა. 

გიორგი აქტიური იყო, თუმცა შედეგიანი მოქმედებით არ გამორჩეულია, 66-ე წუთზე კი გენტის მთავარმა მწვრთნელმა ჰეინ ვანჰეზებრუკმა 22 წლის ქართველი ფეხბურთელი შეცვალა. 

გიორგიმ, რომელსაც ტრავმების გამო ბევრი გაუცდა და ნელ-ნელა ფორმას იბრუნებს, შთაბეჭდილებები კლუბის პრესსამსახურს გაუზიარა:

"რა თქმა უნდა, მოედანზე გასვლის მომენტი ემოციური იყო. წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ბოლოს სასტარტოში ვითამაშე. გარკვეულწილად, ბავშვივით მიხაროდა და ბედნიერი ვიყავი. ეს ბრწყინვალე შეგრძნებაა. მსურს მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებიც არასდროს მივიწყებდნენ. მიყვარს, როდესაც ისინი ჩემს სახელს სკანდირებენ. ეს არაჩვეულებრივი საღამო იყო", - ამბობს გიორგი. 

ბელგიის ჟუპილერ ლიგაში გასული 8 ტურის შემდეგ, გენტს 8 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-14 პოზიციაზეა. 26 სექტემბერს, მომდევნო ტურში, გიორგი ჩაკვეტაძის გუნდი შინ მოქმედ ჩემპიონ ბრიუგეს მიიღებს, 4 დღის შემდეგ კი კონფერენსლიგის ჯგუფში ანორთოსისს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები