Thumbnail

PREVIEW | მორაეში V დვალიშვილი - რას უნდა ველოდოთ კვირას დაგეგმილ ჩხუბში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • UFC 266-ზე მერაბ დვალიშვილი მარლონ მორაეშთან იჩხუბებს
  • 30 წლის ქართველი სპორტსმენი UFC-ში მეცხრე ბრძოლას გამართავს
  • რა შეუძლია მის ბრაზილიელ მეტოქეს და რას უნდა ველოდოთ კვირას

ლას ვეგასი UFC-ის მორიგ ღონისძიებას 25 სექტემბერს უმასპინძლებს. T-MOBILE ARENA-ზე 13 ბრძოლა გაიმართება და აქედან ერთ-ერთი მერაბ დვალიშვილისა და ბრაზილიელი მარლონ მორაეშის დაპირისპირება იქნება. ორთაბრძოლა 26 სექტემბერს, თბილისის დროით 05:00-საათზე დაიწყება.

30 წლის დვალიშვილისთვის UFC-ში ეს მეცხრე ჩხუბია. ქართველ მებრძოლს 6-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვს. მერაბმა UFC-ში პირველი ორი ბრძოლა წააგო, რის შემდეგაც მისი დამარცხება ვერავინ მოახერხა. დვალიშვილმა ბოლოს პირველ მაისს იჩხუბა, როდესაც კოდი სტამანს დაუპირისპირდა.

მერაბმა სტამანთან სამივე რაუნდში შესანიშნავად იასპარეზა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ბრძოლის გამარჯვებულიც გახდა. ქართველი მთელი ბრძოლის განმავლობაში კარგ დარტყმებს ახორციელებდა და მეტოქეს უშანსოდ ტოვებდა. აღსანიშნავია, რომ დვალიშვილმა დგომშიც ძალიან კარგად იჩხუბა

ამ დროისთვის ქართველ სპორტსმენს UFC-ში ტაირონ ვეარი, ბრედ კანტონა, კეისი კენი, გუსტავო ლოპესი, ჯონ დოდსონი და კოდი სტამანი ჰყავს დამარცხებული.

დვალიშვილმა სტამანი მაისში დაამარცხა

33 წლის ბრაზილიელი მარლონ მორაეში UFC-ში მეათე ბრძოლას ჩაატარებს. მას 5 შეხვედრა მოგებული აქვს, თუმცა ბოლო ორ დაპირისპირებაში მეტოქეებთან ნოკაუტით დამარცხდა. მორაეშმა ბოლოს ამერიკელ რობ ფონტთან იჩხუბა და პირველივე რაუნდში ნოკაუტით წააგო.

"მინდა, რომ საუკეთესო ჩხუბი ვაჩვენო. მე UFC-ში ვარ და აქ ჩხუბი მარტივი არაა. მერაბი კარგი მეტოქეა, ის რეკორდისთვის იბრძვის. დვალიშვილი მწვერვალისკენ მიიწევს, მე მწვერვალზე ვარ და არ დავუშვებ, რომ ის აქ მოხვდეს", - განაცხადა მორაეშმა.

კვირას გამთენიისას დაგეგმილ ბრძოლას Empire Sports Media გამოეხმაურა. ვებგვერდის ჟურნალისტის აზრთ, ეს ბრძოლა ორი წლის წინ რომ ყოფილიყო და ვინმეს ეთქვა, რომ დვალიშვილი შეხვედრას მოიგებდა, მას მაგრად დასცინებდა, თუმცა ახლა ყველაფერი სხვანაირადაა.

მორაეშს UFC-ში 9 ბრძოლიდან 5 მოგებული აქვს

ფაქტია, რომ მერაბ დვალიშვილისგან მაგარ ბრძოლას უნდა ველოდოთ. მისი ხასიათი იმაზე მიუთითებს, რომ არასდროს ნებდება. ეს ყველაფერი პირველ ორ ბრძოლაში წაგების შემდეგ დამტკიცდა. დვალიშვილმა ზედიზედ 6 შეხვედრა მოიგო და გიგა ჭიკაძის შემდეგ მეორე ქართველი მებრძოლი გახდა, რომელიც UFC-ს რეიტინგის ათეულში შევიდა. მერაბი ამჟამად ქვემსუბუქ წონაში მე-8 ადგილზეა.

სავარაუდო პროგნოზი ასეთია, მებრძოლები ყველა რაუნდს სრულად იჩხუბებენ და დვალიშვილმა ბრძოლა მსაჯების გადაწყვეტილებით უნდა მოიგოს.

კომენტარები

ბოლო ამბები