Thumbnail
  • შესაძლოა, ჯანლუიჯი დონარუმამ პსჟ ზაფხულში დატოვოს
  • 22 წლის იტალიელი სიტუაციით კმაყოფილი არ არის
  • მინო რაიოლა შეეცდება, მეკარე იუვენტუსში გადაიყვანოს

ჯანლუიჯი დონარუმას კარიერა პარი სენ-ჟერმენში ისე ვერ დაიწყო, როგორც ამას იტალიელი მეკარე წარმოიდგენდა. ფრანგული გუნდის მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო უფრო ხშირად კოსტარიკელ კეილორ ნავასს ენდობა.

"კორიერე დელა სერას" ცნობით, პსჟ-ს სამხრეთამერიკელ ფეხბურთელებს: ლიონელ მესის, ანხელ დი მარიას, ლეანდრო პარედესს, ნეიმარსა და მარკინიოსს ურჩევნიათ, რომ გუნდის კარს ნავასი იცავდეს, მიუხედავად იმისა, რომ არც დონარუმას საწინააღმდეგო აქვთ რაიმე.

წყაროს თანახმად, დონარუმას აგენტი მინო რაიოლა მზადაა, თავისი კლიენტი პარიზელთა რიგებიდან მომდევნო ზაფხულს წაიყვანოს და მოლაპარაკებები ტურინის იუვენტუსთან დაიწყოს, რომელსაც მეკარის პრობლემა აქვს. იუვესთან დონარუმა გასულ ზაფხულსაც ახლოს იყო, მაგრამ ტურინულმა კლუბმა ვოიცეხ შჩესნის გაყიდვა ვერ მოახერხა, რომელსაც მაღალი ხელფასი აქვს. თუკი დონარუმასთან მოლაპარაკებებს განაახლებს, იტალიური კლუბის მთავარი მიზანი კვლავაც პოლონელის გაყიდვა იქნება.

დონარუმას პარიზული კარიერა იდეალურად არ დაწყებულა

პსჟ-ში დარჩენის შემთხვევაში, ჯიჯოსთვის სიტუაციას ისიც ართულებს, რომ კეილორ ნავასს ფრანგულ გუნდთან გრძელვადიანი კონტრაქტი აკავშირებს (2024 წლამდე) და თავისი პოზიციის დათმობას არ აპირებს. მიმდინარე სეზონში პსჟ-მა 9 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და დონარუმამ მხოლოდ ორში ითამაშა, დანარჩენ შემთხვევაში კი კარს ნავასი იცავდა. რაღა თქმა უნდა, 22 წლის კიპერის ამბიციებს ეს სიტუაცია არ შეესაბამება.

ჯანლუიჯი დონარუმა პარი სენ-ჟერმენს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის ზაფხულში გამართული ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ჯიჯოს კარიერა 2015 წელს მილანში დაიწყო, რომლის რიგებში 6 სეზონის განმავლობაში 251 თამაში ჩაატარა.

კომენტარები

ბოლო ამბები