Thumbnail

სპორტულ წყვილებში ფიგურული ციგურაობის ქართულმა დუეტმა 17 წლის კარინა საფინასა და 18 წლის ლუკა ბერულავას შემადგენლობით ჩინებულად იასპარეზა გერმანიის ქალაქ ობერსტდორფში მიმდინარე ჩელენჯერის პირველ დღეს და მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზე იმყოფება.

საფინამა და ბერულავამ მსაჯებისგან 66.46 ქულა (37.66 ტექნიკური ელემენტებისთვის+28.80 პროგრამული კომპონენტებისთვის) დაიმსახურეს და მცირედით აჯობეს მე-2 ადგილზე გასულ გერმანულ წყვილს (66.26), მესამე შედეგი კი ესპანელმა მოციგურავეებმა (62.01) დააფიქსირეს.

ლუკა ბერულავა და კარინა საფინა ტურნირის პირველ დღეს

სპორტული წყვილები ISU CS Nebelhorn Trophy 2021-ზე თავისუფალ პროგრამას დღეს საღამოს შეასრულებენ და ქართველი სპორტსმენები ყინულზე – ბოლო მე-16 ნომრად უმთავრესი ფავორიტების რანგში გავლენ.

ცნობისთვის, ობერსდორფი ტრადიციულ ჩელენჯერს უკვე 53-ედ მასპინძლობს და მომავალი ზამთრის ოლიმპიური თამაშების წინ, მას საკვალიფიკაციო ტურნირის სტატუსიც აქვს. 2021 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შედეგების მიხედვით 82 ლიცენზია უკვე  გადანაწილდა 30 ქვეყანას შორის: 24 საგზური ქალების კატეგორიაში, 23 – მამაკაცებში, 19 – სპორტული ცეკვებსა და 16 – სპორტულ წყვილებში.

დარჩენილი 20 საგზური სწორედ ობერსდორფში თამაშდება, სადაც 52 ქვეყნის მოციგურავეები არიან წარმოდგენილნი. შეგახსენებთ, რომ შარშან შვედეთში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე ოლიმპიური თამაშების საგზურები უკვე მოიპოვეს მორის ყვითელაშვილმა და ალინა ურუშაძემ, ამდენად, ქართველი ქომაგებისთვის უფრო საინტერესი წყვილთა ტურნირები უნდა იყოს.

სპორტულ წყვილებში, სადაც საფინა და ბერულავა ლიდერობენ, ოლიმპიადის საგზურები პირველი სამეულის წევრებს ერგებათ, ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ ქართველი მოციგურავეები მიზანთან ძალიან ახლოს არიან. აი, სპორტულ ცეკვებში კი, სადაც დღესვე ბრძოლაში მარია კაზაკოვა და გიორგი რევია ჩაებმებიან, ლიცენზიის მფლობელი 4 საუკეთესო წყვილი გახდება.

ობერსდორფში  წარმატების შემთხვევაში, საქართველოს  ფიგურული ციგურაობის ნაკრების წევრები 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ყველა კატეგორიაში გამოვლენ, რაც უდიდესი წარმატება იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები