Thumbnail

beINSPORTS-ის ინფორმაციით, მოჰამედ სალაჰმა ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში მხარი ამოიგდო, რის გამოც მას 7-8 კვირის ლაზარეთში გატარება მოუწევს და შესაბამისად, მსოფლიოს ჩემპიონატს დააკლდება. 

შეგახსენებთ, რომ რეალის კაპიტან სერხიო რამოსთან ორთაბრძოლაში მან მხარი დაიშავა. სალაჰმა სცადა მოედანზე დაბრუნება, მაგრამ ამისგან არაფერი გამოვიდა და მან ტირილით დატოვა მოედანი.

სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ეგვიპტის ნაკრების ლიდერია. ახლა, დიდი ალბათობით, ექტორ რაულ კუპერის გუნდი რუსეთში მის გარეშე უნდა გაემგზავროს. 

კარვახალს ბარტრა შეცვლის?

დანი კარვახალისთვის საბედისწერო ფინალი

35-ე წუთზე ტრავმა მიიღო რეალის მარჯვენა მცველმა დანი კარვახალმა, რომელმაც ასევე ტირილით დატოვა მოედანი. სხვათა შორის, კარვახალს მატჩისწინა გახურებაზე მიუღია დაზიანება, თუმცა გადაწყდა, რომ ის მაინც ითამაშებდა ლივერპულის წინააღმდეგ.

"მარკას" ცნობით, პირველადი დათვალიერებით, კარვახალის ტრავმა სერიოზულია და, სავარაუდოდ, ის მსოფლიოს ჩემპიონატს გამოტოვებს. ასეთ შემთხვევაში კარვახალს ესპანეთის ნაკრებში დიდი ალბათობით, ბეტისის მცველი მარკ ბარტრა ჩაანაცვლებს. 

შეგახსენებთ, რომ კიევში ჩემპიონთა ლიგის ფინალურ დაპირისპირებაში მადრიდის რეალმა 3:1 დაამარცხა ლივერპული და მე-13-ედ დაეუფლა უპრესტიჟულეს ტიტულს. 

კომენტარები

ბოლო ამბები