Thumbnail

ჯაბა ჯიღაური: პირადი მიღწევები კარგია, მაგრამ მთავარია გუნდი და მიზანი

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • 📅 24 სექტემბერი | ⌚ 21:00 | ⚽ დინამო ბათუმი V სამგურალი
  • დინამო ბათუმი საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძვის
  • პოპსპორტი ბათუმელთა ლიდერს, ჯაბა ჯიღაურს კლუბზე და ნაკრებზე ესაუბრა
  • საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველი საუკეთესო ფორმაშია

საქართველოს ჩემპიონატის 26-ე ტურში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე წყალტუბოს სამგურალს უმასპინძლებს და ზედიზედ მე-3 გამარჯვების მოპოვებას ეცდება. ბათუმელები ეროვნული ლიგის ცხრილს დინამო თბილისთან 5-ქულიანი უპირატესობით ლიდერობენ და წყალტუბოელთა 3-მატჩიანი დაუმარცხებელი სერიის შეწყვეტას ეცდებიან. 

მატჩის წინ პოპსპორტი დინამო ბათუმის ერთ-ერთ ლიდერ ჯაბა ჯიღაურს დაუკავშირდა, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია, ბოლო 2 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირობისთვისაც იბრძვის. ჯაბას არა მხოლოდ სამგურალთან მატჩზე, არამედ სხვა თემებზეც ველაპარაკეთ - მათ შორის, საქართველოს ნაკრებზე.

POPSPORT: სამგურალი კარგ ფორმაშია. როგორ თამაშს ელით?

ჯაბა ჯიღაური: ველოდებით საინტერესო მატჩს, რადგან სამგურალი ძალიან კარგი გუნდია. ვფიქრობ, რომ ისინი არაფერს დაგვითმობენ და დიდი მნიშვნელობა ექნება, როგორ განვეწყობით ამ მატჩისთვის. სეზონი ბოლოსკენ მიდის და ქულების დაკარგვის უფლება არ გვაქვს. 3 ქულის მოსაპოვებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.

'ჩემთვის ეს სეზონი დადებითი იმ შემთხვევაში იქნება, თუ ჩემპიონები გავხდებით'

POPSPORT: ჩემპიონობისთვის ბრძოლაში დინამო თბილისთან 5-ქულიანი უპირატესობა გაქვთ... 

ჯიღაური: ჩემპიონატის მიმდინარეობიდან გამომდინარე, 5 ქულა დიდი უპირატესობა არ არის. ცხადია, ჩვენთვის უფრო კომფორტულია და ძალიან კარგია, რომ წინ ვართ, მაგრამ ყველაფერი მაინც სეზონის ბოლოს გადაწყდება. არ მგონია, რომ დინამო თბილისთან ჩვენი შეხვედრა გადამწყვეტი იქნება, მაგრამ გამარჯვებული დიდ უპირატესობას მოიპოვებს, როგორც სატურნირო ცხრილში, ისე ფსიქოლოგიურად და ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ჩემპიონობისთვის ბრძოლაში.

POPSPORT: დინამო ბათუმი პაუზის შემდეგ საკმაოდ კარგ ფორმაშია, მაგრამ განსაკუთრებული თამაში იყო ლოკომოტივთან, რომელშიც თქვენ დუბლი შეასრულეთ...

ჯიღაური: ძალიან საინტერესო თამაში გამოვიდა. მეორე ტაიმში მოვლენების ასეთ განვითარებას პირველი ტაიმიდან გამომდინარე არავინ ელოდა, მაგრამ თამაში ორმხრივი შეტევებით წარიმართა და თითქმის ყველა მომენტი გოლად იქცა. მიმდინარე სეზონში ასევე იყო შუქურასთან უხვგოლიანი მატჩიც, რომელიც 8:2 მოვიგეთ. პირადად მე არ მახსენდება სხვა ასეთი შედეგიანი თამაში, რომელშიც ჩემს გუნდს მიეღოს მონაწილეობა.

POPSPORT: ეროვნულ ლიგაში უკვე 9 გოლი გაიტანეთ და აქამდე მხოლოდ ერთ სეზონში გქონდათ უკეთესი შედეგი გოლების მხრივ. როგორ შეაფასებთ პირადად თქვენს თამაშს მიმდინარე სეზონში?

ჯიღაური: ძალიან სასიამოვნოა, რომ გუნდის წარმატებაში ჩემი წვლილი შემაქვს, მაგრამ სეზონი რომ დამთავრდება, მერე შევაფასებ ჩემს თამაშს გუნდის შედეგიდან გამომდინარე. სეზონის შუაში შეფასება არ მჩვევია - როდესაც დასრულდება, გადავხედავ შედეგებს, თუ რით შევძელი გუნდის დახმარება. ჩემთვის სეზონი დადებითი პირველ რიგში იმ შემთხვევაში იქნება, თუ ჩემპიონები გავხდებით.

ჯიღაური (9 გოლი) და ფანცულაია (12) ბომბარდირობისთვის იბრძვიან

POPSPORT: ევროთასებზე დინამო ბათუმმა ორი წრე გადალახა და სივასპორთან დამატებით დროში დამარცხდა. როგორ შეაფასებთ კონფერენსლიგაზე გამოსვლას?

ჯიღაური: მე მაინც დადებითად შევაფასებდი, რადგან ბატე-სთან წაგებული მატჩის შემდეგ მოვახერხეთ მობილიზება და სტუმრად მოვიგეთ. სივასპორთან ორივე თამაშში ცოტა დაგვაკლდა - არ ვიცი, გამოცდილების ნაკლებობა იყო თუ დაღლა. ბევრი ფაქტორი იყო, მაგრამ ნამდვილად შეიძლებოდა ამ ბარიერის გადალახვა. თუმცა, საბოლოო ჯამში, ერთგვარი გამოცდილება შევიძინეთ, ბევრი ისეთი ფეხბურთელი გვყავდა, რომლებმაც ევროთასებზე პირველად ითამაშეს და ძალიან დიდი გამოცდილება შეიძინეს. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან წაგვადგება და თუნდაც მომავალ წელს უკეთეს შედეგს ველოდები.

'რაც შეეხება ნაკრებს: ყველამ საკუთარ თავში უნდა ჩაიხედოს და ეძებოს შეცდომები'

POPSPORT: პირველი ფეხბურთელი ხართ, რომელმაც სამ ევროთასზე გოლი გაიტანა (ჩემპიონთა ლიგა, ევროპალიგა, კონფერენსლიგა, ითვლება საკვალიფიკაციო ეტაპი). რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

ჯიღაური: პირადი მიღწევა თუ რეკორდი, ყოველთვის სასიამოვნო და სასიხარულოა. მართლა დიდი სიხარული მომანიჭა, როცა ეს გავიგე, მაგრამ უფრო გუნდურ წარმატებას ვისურვებდი, ეს უფრო გამიხარდებოდა.

დინამო ბათუმი ცხრილს 5-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს

POPSPORT: საქართველოს ეროვნული ნაკრების ბოლო მატჩები წარუმატებელი გამოდგა. რა მოხდა და რას უნდა ველოდოთ ოქტომბერში?

ჯიღაური: ჩემი მხრიდან ცოტა არასწორი იქნება ამ მატჩების შეფასება. კონკრეტულ მიზეზს ვერ დავასახელებ. სამწუხაროა, რომ ასე მოხდა. დიდი ხანია, ნაკრებში ვარ და ჩემი აზრით, ყველაზე ცუდი პერიოდი იყო - ხარისხითაც და შედეგითაც. სამ თამაშში ბევრი გოლი გავუშვით. ერთადერთი გამოსავალი ის არის, რომ ყველა ადამიანმა, ვისაც ეს მოეთხოვება, საკუთარ თავში ჩაიხედოს და ეძებოს შეცდომები. როცა ყველა საკუთარ თავს დაადანაშაულებს, ყველაფერს ეშველება და ერთმანეთისკენ ხელის გაშვერით შორს ვერ წავალთ. ოქტომბრის მატჩებში მაქსიმალური შედეგის მიღწევა უნდა ვცადოთ, რომ წინა ჩაგდებული შეკრების კომპენსირება მოვახდინოთ და დავამტკიცოთ, რომ კარგი გუნდი ვართ.

მიმდინარე სეზონში ჯაბა ჯიღაურმა საქართველოს ჩემპიონატში 24 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. დინამო ბათუმი 25 ტურის შემდეგ ლიდერია და უახლოეს მდევარ დინამო თბილისს 5 ქულით უსწრებს.

კომენტარები

ბოლო ამბები