Thumbnail

ბასილაშვილმა 4 მატჩ-პოინტი გადაარჩინა და მეცის ტურნირის 1/4-ფინალში ითამაშებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ბასილაშვილი 0:6, 6:4, 7:6 (7:4) დავიდოვიჩ ფოკინა
  • ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი სეტი ნულზე წააგო, თუმცა, მაინც იმარჯვა

29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ქალაქ მეცში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 481 270 ევრო) მეოთხედფინალში გასვლა მოახერხა. მე-8 ნომრად განთესილმა ბასილაშვილმა ესპანელ ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინასთან დიდი ბრძოლა გადაიტანა და მატჩში, რომელიც 2:53 საათს გაგრძელდა, 0:6, 6:4, 7:6 (7:4) მოიგო.

ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი სეტი ნულზე წააგო და მართალია, მე-2 სეტი ბრეიკით დაიწყო, სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, სამედიცინო ტაიმ-აუტის აღება მოუხდა. საბედნიეროდ, ნიკამ ეს პრობლემა გადალახა და დარჩენილ დროში მან და ესპანელმა ჩოგბურთელმა დრამატული სანახაობა შემოგვთავაზეს.

აღსანიშნავია, რომ გადამწყვეტ სეტში დავიდოვიჩ ფოკინა 4:1 დაწინაურდა, 5:4-ზე კი 4 მატჩ-პოინტი ჰქონდა, თუმცა, ვერ გამოიყენა. 5:5-ზე უკვე თავად ალეხანდრომ გადაარჩინა 5 ბრეიკ-პოინტი (გეიმი 16 წუთს გაგრძელდა), საბოლოოდ კი, საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც გამარჯვება საქართველოს პირველ ჩოგანს დარჩა.

საბოლოოდ, ნიკოლოზმა 7 ეისი მოაწოდა და 3 ორმაგი შეცდომა ჰქონდა (მეტოქეს, შესაბამისად, 7 და 4). ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ მოწოდებაზე გათამაშებების 72% (67-დან 48) მოიგო, მეორეზე კი – 42% (60-დან 25). ბასილაშვილმა 8-დან 2 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, დავიდოვიჩ ფოკინამ კი 14-დან მხოლოდ 4.

Moselle Open-ის მეოთხედფინალურ მატჩში, რომელიც დღეს, 24 სექტემბერს შედგება, ბასილაშვილის მეტოქე მე-3 ნომრად განთესილი ფრანგი გაელ მონფილსი იქნება, რომელმაც გასულ რაუნდში გერმანელი ფილიპ კოლშრაიბერი 7:6 (7:2), 6:4 დაამარცხა. ეს თამაში ცენტრალურ კორტზე მე-3 წყებაშია დანიშნული და თბილისის დროით 20:00 საათზეა დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები