Thumbnail

გორგოძე ისევ ფინალშია - ეკომ ჩილელ მეტოქესთან რევანში აიღო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • გორგოძე/პიგოსი 6:4, 6:3 კავალ-რეიმერსი/სეგუელი
  • ქართველ ჩოგბურთელს ზედიზედ მე-3 ტიტულის მოგების შანსი აქვს

29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 80 ათასი დოლარი) წყვილთა ბადის ფინალში გასვლა მოახერხა.

გორგოძე და ბრაზილიელი ლაურა პიგოსი, რომლებიც OPEN CIUDAD DE VALENCIA-ში პირველი განთესვით ჩაებნენ, ნახევარფინალში ესპანელ ივონ კავალე-რეიმერსსა და ჩილელ დანიელა სეგუელს გაეჯიბრნენ და 6:4, 6:3 სძლიეს. სხვათა შორის, ეკომ სწორედ ამ უკანასკნელთან წააგო ერთეულთა ბადეში, ამდენად, ჩვენებურმა რევანშის აღება მოახერხა.

უკვე ცნობილია, რომ ქართველი და ბრაზილიელი ჩოგბურთელები გადამწყვეტ მატჩში ესპანელ ალიონა ბოლშოვა ზადოინოვასა და ვენესუელელ ანდრეა გამიზს ეთამაშებიან.

შეგახსენებთ, რომ გორგოძეს წყვილთა თანრიგში ზედიზედ 2 ტურნირი აქვს მოგებული. ეკომ ჯერ გერმანიის ქალაქ კარლსრუეში 115-ათასიან შეჯიბრზე რუმინელ ირინა ბარასთან ერთად იმარჯვა, გასულ კვირას კი ვალენსიაში გამართულ კიდევ ერთ 80-ათასიან ტურნირზე ბელგიელ ისალინ ბონავენტურესთან ერთად გაჩემპიონდა.

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე აშშ-ს ქალაქ კოლამბუსში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 115 ათასი დოლარი) მერვედფინალში გამოეთიშა. შეგახსენებთ, რომ ბოლქვაძემ პირველ წრეში იაპონელ კურუმი ნარას 6:2, 7:5 სძლია, დღეს კი, მე-8 ნომრად განთესილ ჩინელ ქსინიუ ვანგთან 6:2, 2:6, 3:6 დამარცხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები