Thumbnail
  • ვისკონსინ ჰერდმა ქართველი კალათბურთელის დებიუტი დააანონსა
  • სანდრო მამუკელაშვილი თავის გამოჩენას განვითარების ლიგაში ეცდება

ეროვნულმა საკალთბურთო ასოციაციამ (NBA) განვითარების ლიგის (G League) კალენდარი გამოაქვეყნა, ამასთან დაკავშირებით კი, ვისკონსინ ჰერდმა დააანონსა, რომ მილუოკი ბაქსის ახალწვეულები სანდრო მამუკელაშვილი და ჯასტინ რობინსონი სწორედ მის ღირსებას დაიცავენ.

შეგახსენებთ, რომ G League-ში წარმომადგენელი NBA-ს ყველა კლუბს ჰყავს და მილუოკელთა პარტნიორი ხსენებული ვისკონსინია. ვარაუდი, რომ 22 წლის ქართველ კალათბურთელს პირველ ეტაპზე მოქმედი ჩემპიონის – მილუოკის რიგებში თამაში არ მოუწევდა, თავიდანვე გაჩნდა, ახლა კი, ეს ოფიციალურად დადასტურდა.

“მამუ და ჯასტინი მზად არიან განვითარების ლიგაში გრიგალივით შემოიჭრან” – დაწერა ჰერდმა სოციალურ ქსელში და პოსტს შესაბამისი ფოტოც დაურთო.

როგორც ცნობილი გახდა, ვისკონსინ ჰერდი სეზონს 8 ნოემბერს კლივლენდ ჩარჯთან გასვლითი მატჩით გახსნის და მოსალოდნელია, რომ ქართველი ფორვარდის ახალ გუნდში დებიუტიც მაშინ შედგება. რაც შეეხება NBA-ს პრესეზონს, ის სტარტს 3 ოქტომბერს ბრუკლინისა და ლეიკერსის თამაშით აიღებს, მილუოკი კი პირველ მატჩს 5-ში მემფისის წინააღმდეგ ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ სეტონ ჰოლის (NCAA) ყოფილი ლიდერი სანდრო მამუკელაშვილი 2021 წლის დრაფტზე 54-ე ნომრად აირჩიეს. საზაფხულო ლიგაში ქართველმა კალათბურთელმა ბაქსის მაისურით 5 მატჩი ჩაატარა და სოლიდური საშუალო მონაგარი ჰქონდა: 11.2 ქულა, 8.6 მოხსნა (3.6 შეტევაში), 2.2 პასი და 1.4 ჩაჭრა. შედეგად, ის ტურნირის მე-3 სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა.

კომენტარები

ბოლო ამბები