Thumbnail

ესპანეთის ლა ლიგის მე-6 ტურში ვალენსია სტუმრად სევილიასთან 1:3 დამარცხდა. 20 წლის ქართველი მეკარისთვის ეს თამაში უიღბლო გამოდგა და ესპანური მედია უკვე წერს, რომ ხოსე ბორდალასი მომდევნო ტურში კიპერს შეცვლის. Marca წერს, რომ მოვიდა დრო, მამარდაშვილის ადგილი კარში გამოცდილმა ნიდერლანდელმა იასპერ სილესენმა დაიკავოს.

MARCA: "მამარდაშვილის შეცდომები კარს უხსნის სილესენს. ახალგაზრდა ქართველის სერიოზული უიღბლობები მადრიდის რეალისა და სევილიას წინააღმდეგ ნიდერლანდელის დაბრუნების შანსს ზრდის.

ქართველი მეკარე სეზონის სტარტის ერთ-ერთი უდიდესი სენსაცია იყო. მამარდაშვილმა, რომელიც მეორე გუნდის კარის დასაცავად გაიფორმეს, სილესენს, ხაუმესა და რივეროს აჯობა და ბორდალასის ფავორიტი მეკარე გახდა. გიორგი ბრწყინავდა პირველ სამ თამაშში, მაგრამ მეოთხეში, პამპლონაში მან უკვე დაუშვა შეცდომა, რომელიც
VAR-მა გამოასწორა. ეს იყო ალდერეტესთან კომუნიკაციის ნაკლებობა, რაც გოლად დაუჯდა. VAR-მა თავდამსხმელის მხრიდან თამაშის წესის დარღვევა დააფიქსირა და ეჭვები გაქრა.

შემდეგ იყო შეცდომა მადრიდის რეალთან. კარიდან ცუდი გამოსვლა დასრულდა ბენზემას გოლით, რომელმაც "ბლანკოსის" ქამბექი განაპირობა "მესტალიაზე". ამის მიუხედავად ბორდალასმა ის კვლავ ძირითად შემადგენლობაში გაამწესა, რომ სევილიასთან ეთამაშა. ამგვარად დადგა საღამო, რომელიც მან უნდა დაივიწყოს.

სამივე გოლის დროს მეტის გაკეთება შეეძლო, მაგრამ მეორე და მესამე გოლებისას შეცდომები გროტესკული და ბავშვურია. ჯერ ბურთმა თავზე გადაუფრინა, ხოლო მერე კარიდან ნახევრად გამოვიდა და რაფა მირს ბურთის თავზე გადაგდების შანსი მისცა. ასეთი სიტუაციაა და სილესენიც უკვე გამოჯანმრთელებულია ტრავმისგან, რის გამოც სეზონის სტარტი გაუცდა და მოვიდა ცვლილების დრო."

კამერებმა დააფიქსირეს სევილიასთან მატჩისას ბორდალასის დიალოგი მეკარეების მწვრთნელ ხოსე მანუელ ოჩოტორენასთან

შეგახსენებთ, რომ ვალენსიას 6 ტურში 10 ქულა აქვს და მომდევნო შეხვედრას 25 სექტემბერს, ‘მესტალიაზე’ ბილბაოს ატლეტიკთან ჩაატარებს. გიორგი მამარდაშვილმა განვლილ 6 თამაშში 2-ჯერ კარი მშრალად შეინახა და 7 გოლი გაუშვა.

კომენტარები

ბოლო ამბები