Thumbnail

'იყო ვარიანტები ნიდერლანდებიდან, თურქეთიდან' - შოთა არველაძე თავის მომავალზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

შოთა არველაძე ტაშკენტის ფახთაქორიდან წამოსვლის შემდეგ ჯერაც დაუსაქმებელია. 48 წლის ქართველი სპეციალისტი რამდენიმე თურქულ კლუბს დაუკავშირეს, მედიაში დაიწერა ფახთაქორში მის შესაძლო დაბრუნებაზეც, ასევე - უზბეკეთის ნაკრებში მის მიწვევაზეც. თავად შოთა არველაძე აცხადებს, რომ მოლაპარაკება რამდენიმე კლუბთან ნამდვილად ჰქონდა, მაგრამ საბოლოო შეთანხმებამდე საქმე ვერ მივიდა.

"ტყუილია, თითქოს ფახთაქორს ჩემი დაბრუნება სურდა. ასევე არ შეესაბამება სიმართლეს უზბეკეთის ეროვნულ გუნდში მუშაობაზე შეთავაზების შესახებ ინფორმაცია, - უთხრა შოთამ sports.uz-ს. - მქონდა რამდენიმე წინადადება, მაგრამ სამწუხაროდ, შეთანხმებამდე საქმე არ მივიდა.

შოთა უზბეკეთში ტყუიპისცალ არჩილსა და გოჩა ტყებუჩავასთან ერთად მუშაობდა

არ დავმალავ, მოლაპარაკებები იყო, მაგრამ ყველაფერი უშედეგოდ დასრულდა - მათ ჩემი პირობები არ აკმაყოფილებდათ, მე - მათი. იყო ისეთი წინადადებები, რომლებზეც უარი ვთქვი. იყო საინტერესო ვარიანტებიც, მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნე, მოლაპარაკების ფინალურ სტადიაზე რაღაც გვაკლდებოდა. იყო ვარიანტები ნიდერლანდებიდან, თურქეთიდან, დუბაიდან და ყატარიდან, მაგრამ დღეს არცერთ კლუბში ვმუშაობ. 

ახლა ოჯახთან ერთად სტამბოლში ვცხოვრობ. ხშირად დავდივარ სტადიონზე ფეხბურთის საყურებლად. ზოგჯერ მადრიდში მივემგზავრები, როცა შესაძლებლობა მეძლევა, თბილისში ჩავდივარ, თუმცა მუდმივ საცხოვრებელ ადგილად სტამბოლი რჩება.

მიჭირს დაბეჯითებით თქმა, სად გავაგრძელებ საქმიანობას. არ ვიცი, ხვალ რომელ კონტინენტზე აღმოვჩნდები. რა თქმა უნდა, თუკი ჩემზე იქნება დამოკიდებული, ევროპის რომელიმე სერიოზულ კლუბში მუშაობას ვამჯობინებ. დრო გვიჩვენებს, როგორ დასრულდება ეს ყველაფერი". 

ცოტა ხნის წინ შოთა შენოლ გიუნეშთან ერთად სტამბოლის არენაზე დააფიქსირეს

შოთა არველაძე ტაშკენტის ფახთაქორში 2017-2020 წლებში მუშაობდა და კლუბს ჯამში 5 ტიტული მოაგებინა. მანამდე ქართველი სპეციალისტი თურქულ გუნდებს: ქაისერისპორს, ქასიმპაშასა და ტრაბზონსპორს, ასევე თელ ავივის მაქაბის წვრთნიდა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები