Thumbnail

ზედიზედ მე-4 მოგება ტოკიოში! ტოჩინოშინი დადებით ბალანსს მიუახლოვდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველი და იაპონელი სუმოისტების ორთაბრძოლა ძალიან სანახაობრივი გამოდგა
  • 33 წლის ტოჩინოშინს წოდებაში დასაწინაურებლად ორ ბრძოლაში გამარჯვება სჭირდება

33 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელსაც ტოჩინოშინის შიკონათი ვიცნობთ, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე შემოდგომის სუპერტურნირზე ზედიზედ მე-4 გამარჯვება იზეიმა და თანაბარ ბალანსზე (6 მოგება, 6 მარცხი) გავიდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა სეკიტორმა აკი ბაშო ძალიან მძიმედ დაიწყო და 8 დღის თავზე მხოლოდ 2 გამარჯვება ჰქონდა, ამდენად, მორიგი მაკე-კოშის (უარყოფითი ბალანსი) შანსი ძალიან დიდი იყო. საბედნიეროდ, ლევანმა მობილიზება მოახერხა და ახლა, სულ სხვა მოცემულობა გვაქვს.

დღეს, ტოჩინოშინის მეტოქე აღმოსავლეთის მე-17 მაეგაშირა ჩიიონოკუნი გახლდათ, რომელსაც ზურგს 8 მოგება უმაგრებდა და ტურნირის ლიდერთა შორის იყო. 31 წლის იაპონელი ქართველ სუმოისტს მაგრად დაუდგა და საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ მათ მაყურებელს მე-12 დღის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრრივი ორთაბრძოლა შესთავაზეს.

შერკინება 40 წამს გაგრძელდა (სუმოს ბრძოლისთვის ეს ძალიან ბევრია) და გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ინიციატივის აღებას ორივე სუმოისტი ცდილობდა, თუმცა, მავაშის დაჭერა ვერცერთმა მოახერხა და ფონს გასვლას ცუპარებით ცდილობდნენ. საბოლოოდ, ტოჩინოშინმა 10 სმ-ით დაბალ და 36 კგ-ით მსუბუქ მეტოქეს მაინც ჯანით აჯობა და გადამწყვეტი მიძალების ხარჯზე ოშიდაშით დაამარცხა.

როგორც აღვნიშნეთ, ამგვარად, ქართველ სეკიტორს 6 მოგება და 6 მარცხი მოუგროვდა და ახლა, წოდებაში დასაწინაურებლად დარჩენილი 3 შერკინებიდან ორის მოგებაც ეყოფა. ცნობილია, რომ ხვალ, 24 სექტემბერს ელიტარული მაკუუჩი დივიზიონის შეხვედრებს სწორედ ტოჩინოშინი გახსნის. მისი მეტოქე აღმოსავლეთის მე-13 მაეგაშირა კაგაიაკი იქნება, რომელსაც ასევე თანაბარი ბალანსი აქვს. გორგაძე 27 წლის იაპონელს 9-ჯერ შეხვედრია და მხოლოდ 2-ჯერ აქვს წაგებული.

კომენტარები

ბოლო ამბები