Thumbnail

ესპანეთის ლა ლიგის მე-6 ტურში ვალენსია სტუმრად სევილიასთან 1:3 დამარცხდა. გიორგი მამარდაშვილს ანდალუსიელებმა 3 გოლი საწყის 22 წუთში გაუტანეს. 20 წლის ქართველი მეკარის თამაში, რომელიც უიღბლო გამოდგა, ესპანურმა გამოცემებმა შეაფასეს.

‘მარკამ’ ყურადღება მე-2 გოლზე გაამახვილა, რომელიც ტონი ლატოს ავტოგოლად ჩაეთვალა, მაგრამ ქართველი მეკარის შეცდომა აშკარა იყო. მადრიდულმა გამოცემამ მას წლის ყველაზე აბსურდული გოლიც უწოდა. AS კი წერს, რომ მამარდაშვილს ვალენსიურ კარიერაში პირველი დასავიწყებელი თამაში ჰქონდა.

AS: "პირველ ტურში მას ჰქონდა პირველი დიდი საღამო, დღეს, მე-6 ტურში კი პირველი დასავიწყებელი დღე აქვს. სამივე გოლში უიღბლო იყო, მეორე გოლის მიზეზი კი მისი სერიოზული შეცდომა გახდა. პაპუ გომესის გოლის დროს ცენტრში დარჩა, მესამე გოლზე კი კარიდან ნახევრად გამოვიდა და რაფა მირს საშუალება მისცა, ბურთი მისთვის თავზე გადაეგდო. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ეს ორი გოლი მისი შეცდომით არ გასულა, მაინც შეეძლო სხვა რამის გაკეთება. მიუხედავად იმისა, რომ აღელვებული იყო, მე-2 ტაიმში რაფა მირის და ენ-ნესირის დარტყმები კარგად მოიგერია".

მამარდაშვილის კარში სევილიელებმა 22 წუთში 3-ჯერ გაიტანეს

MARCA: "მამარდაშვილის მონუმენტური შეცდომა, რითაც წლის ერთ-ერთი ყველაზე აბსურდული გოლი გავიდა. ვალენსიას მეკარემ სევილიას აჩუქა მე-2 გოლი მას შემდეგ, რაც ლატოს ბურთი მოხვდა. ხოსე ბორდალასის ბიჭები მინდორზე თითქოს არ გასულან და საწყის 22 წუთში 0:3-ს აგებდნენ. მეორე გოლი წლის 'აბსურდული გოლების' სიაში შევიდა. მონუმენტური შეცდომის ქრონოლოგია: 1) მე-15 წუთზე მონტიელი აწვდის და ბურთი ზურგში ლატოს ხვდება. 2) ბურთმა მიმართულება შეიცვალა და მეკარის საჯარიმოსკენ ჩაეშვა. 3) არადამაჯერებელი მამარდაშვილი და ცუდი დასაწყისი ყველაზე უარესად დასრულდა. 4) ბურთი მეკარეს თავზე გადაევლო და ბადეში აღმოჩნდა".

შეგახსენებთ, რომ ვალენსიას 6 ტურში 10 ქულა აქვს და მომდევნო შეხვედრას 25 სექტემბერს, ‘მესტალიაზე’ ბილბაოს ატლეტიკთან ჩაატარებს. გიორგი მამარდაშვილმა განვლილ 6 თამაშში 2-ჯერ კარი მშრალად შეინახა და 7 გოლი გაუშვა.

კომენტარები

ბოლო ამბები