Thumbnail

გიორგი მამარდაშვილისთვის ესპანეთის ლა ლიგაში მე-6 თამაში უიღბლო გამოვიდა.

20 წლის ქართველი მეკარის გუნდი სევილიაში 1:3 დამარცხდა, მატჩის ბედი კი ფაქტობრივად პირველ 22 წუთში გადაწყდა - ამ დროისთვის მასპინძლები უკვე 3:0-ს იგებდნენ, მეორე გოლის მომენტში კი გიორგი აშკარად შეცდა.

ვალენსიელებისთვის თავიდანვე ყველაფერი ცუდად დაიწყო - პაპუ გომესმა ანგარიში უკვე მე-3 წუთზე გახსნა. არგენტინელმა კარგად დაარტყა, თუმცა აქ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მან მამარდაშვილს ახლო კუთხეში გაუტანა.

მერე იყო გიორგის დიდი უიღბლობა, რასაც სევილიელთა მეორე გოლი მოჰყვა (ლატოს ავტოგოლი ჩაეთვალა), 22-ე წუთზე კი რაფა მირმა მამარდაშვილს ბურთი თავს ზემოთ ძალიან ეფექტურად გადაატარა, თუმცა ეს გოლი მთლიანად ვალენსიას დაცვის ხაზის ბრალია.

მატჩის წინ ესპანური გამოცემა “მარკა” ვარაუდობდა, რომ ვალენსიას მთავარი მწვრთნელი ხოსე ბორდალასი ამ შეხვედრაში მამარდაშვილს აღარ ენდობოდა და კარში სილესენს დააყენებდა, მაგრამ ეს მოლოდინი არ გამართლდა.

ახალგაზრდა ქართველი მეკარისთვის ლა ლიგაში ყველა მატჩი იღბლიანი ვერ იქნება. მომდევნო მატჩი ვალენსიას 25 სექტემბერს, “მესტალიაზე” ბილბაოს ატლეტიკთან უწევს და იმედი დავიტოვოთ, რომ ბორდალასი მამარდაშვილს კვლავ ენდობა - თუმცა ამის შანსი უკვე მცირეა.

სევილია 3:1 ვალენსია

გოლები: 1:0 პაპუ გომესი (3), 2:0 ლატო (15-ავტოგოლი), 3:0 რაფა მირი (22), 3:1 დურო (31)

სევილია (4-3-3): ბონო - მონტიელი (57. ნავასი), კუნდე, დიეგო კარლოსი, რეკიკი - ჟორდანი (57. რაკიტიჩი), ფერნანდო, პაპუ გომესი - ლამელა, რაფა მირი (56. ელ-ნესირი), ოკამპოსი (69. დილეინი).

ვალენსია (4-4-2): მამარდაშვილი - ფულკიე, გაბრიელ პაულისტა, ალდერეტე (46. დიახაბი), ტონი ლატო - ჯეისონი (46. მუსა), ვასი (67. კოინდრედი), გილამონი, დურო - მაქსი გომესი, გედეში (67. მარკოს ანდრე).

კომენტარები

ბოლო ამბები