Thumbnail

გორგოძე ნახევარფინალშია და ზედიზედ მე-3 ტიტულისთვის იბრძვის

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • გორგოძე/პიგოსი 6:4, 6:3 გრეი/პაპამიჩაილი
  • ქართველი ჩოგბურთელი და მისი მეწყვილე მომდევნო მატჩს 23 სექტემბერს ჩაატარებენ

29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 80 ათასი დოლარი) წყვილთა ბადის ნახევარფინალში გასვლა მოახერხა.

გორგოძე და ბრაზილიელი ლაურა პიგოსი Openciudadvalencia-ში პირველი განთესვით ჩაებნენ და საწყის რაუნდში ფრანგებს ხლოე პაკესა და დიან პერის 6:4, 7:5 სძლიეს, დღეს კი, ბრიტანელი სარა ბეთ გრეი და ბერძენი დესპინა პაპამიჩაილი 6:4, 6:3 დაამარცხეს.

ნახევარფინალში, რომელიც 23 სექტემბერს ჩატარდება, გორგოძე და პიგოსი ესპანელ ივონ კავალე-რეიმერსსა და ჩილელ დანიელა სეგუელს ეთამაშებიან. სხვათა შორის, ამ უკანასკნელმა ეკატერინეს ერთეულთა შეჯიბრში მოუგო, ამდენად, ქართველ ჩოგბურთელს რევანშის აღების შანსი ექნება.

შეგახსენებთ, რომ გორგოძეს წყვილთა თანრიგში ზედიზედ 2 ტურნირი აქვს მოგებული. ეკომ ჯერ გერმანიის ქალაქ კარლსრუეში 115-ათასიან შეჯიბრზე რუმინელ ირინა ბარასთან ერთად იმარჯვა, გასულ კვირას კი ვალენსიაში გამართულ კიდევ ერთ 80-ათასიან ტურნირზე ბელგიელ ისალინ ბონავენტურესთან ერთად გაჩემპიონდა.

კომენტარები

ბოლო ამბები