Thumbnail
  • სპეცია 2:3 იუვენტუსი
  • გოლები: 0:1 კინი (28), 1:1 გიასი (33), 2:1 ანტისტე (49), 2:2 კიეზა (66), 2:3 დე ლიხტი (72)

მართალია, სპეციასთან, მაგრამ მაინც - იუვენტუსმა სერია A-ს მიმდინარე სეზონში პირველი თამაში მოიგო და უმძიმესი სტარტის შემდეგ ხასიათი ოდნავ გამოიკეთა.

თუმცა, ტურინულ გრანდს სპეციასთან მოგებაც კი გაუჭირდა. მასიმილიანო ალეგრის გუნდი მოიზე კინის (ძირითადში ალვარო მორატას ნაცვლად იყო) გოლით იგებდა, მაგრამ მასპინძლებმა პირველსავე ტაიმში გაათანაბრეს, მატჩის მეორე ნახევრის დასაწყისში კი წინაც გავიდნენ.

ალეგრიმ შესვენებაზევე შეცვალა დე შილიო და ბენტანკური - მათ ნაცვლად თამაშში ალექს სანდრო და მანუელ ლოკატელი ჩართო. ანტისტეს გოლის შემდეგ იუვეს მწვრთნელმა კინიც შეცვალა და მოედანზე მორატა შეუშვა. სწორედ ამ უკანასკნელის პასით გაათანაბრა ანგარიში ფედერიკო კიეზამ 66-ე წუთზე, 6 წუთის შემდეგ კი მატეის დე ლიხტმა იუვენტუსი დააწინაურა და ტურინული გრანდის ფანებმაც შვებით ამოისუნთქეს.

იუვემ იტალიის მიმდინარე ჩემპიონატში პირველი თამაში მოიგო

თუმცა, ეს გამარჯვება ჯერ კიდევ არ ნიშნავს კრიზისიდან გამოსვლას - სპეციამ იუვენტუსს 2 ბურთი გაუტანა და ეს დაცვაში სერიოზულ პრობლემებზე კიდევ ერთხელ მეტყველებს.

5 ტურის შემდეგ, იუვენტუსს 5 ქულა აქვს და იტალიის ჩემპიონატის ცხრილში ჯერ კიდევ ძალიან ქვემოთაა. მომდევნო ტურში იუვე 26 სექტემბერს გენუის სამპდორიას უმასპინძლებს.

სპეცია 2:3 იუვენტუსი

გოლები: 0:1 კინი (28), 1:1 გიასი (33), 2:1 ანტისტე (49), 2:2 კიეზა (66), 2:3 დე ლიხტი (72)

იუვენტუსი (4-4-2): შჩესნი - დანილო, ბონუჩი, დე ლიხტი, დე შილიო (46. ალექს სანდრო) - კიეზა, მაკენი, ბენტანკური (46. ლოკატელი), რაბიო (67. ბერნარდესკი) - დიბალა, კინი (59. მორატა).

კომენტარები

ბოლო ამბები