Thumbnail

‘ფეხბურთის თამაშით დედას ჰგავს’ - ბექჰემის შვილს დასცინეს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • Sky Sports-მა რომეო ბექჰემის 28-წამიანი ვიდეო გამოაქვეყნა
  • კომენტარებში ბექზის შვილს მწარედ აკრიტიკებენ

ცნობილი მამის შვილობა არც ფეხბურთშია ადვილი და ამის დამადასტურებელი ბევრი მაგალითი გვახსოვს. თუ აქამდე არ იცოდა, ახლა ეს კარგად იცის დევიდ ბექჰემის შვილმაც.

19 წლის რომეო ბექჰემმა აშშ-ის მესამე ლიგაში, ლოდერდეილის შემადგენლობაში პირველად ითამაშა, მისი მომენტების ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ კი ყველა მას დასცინის. ლოდერდეილი უფროსი ბექჰემის კლუბის, ინტერ მაიამის მეორე გუნდია, რომელიც საუთ ჯორჯია ტორმენტას ხვდებოდა და მატჩი 2:2 დასრულდა. რომეო ბექჰემმა მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე ითამაშა, მაგრამ მამისგან განსხვავებით, ჯერჯერობით ფლანგიდან ისე ვერ აწოდებს, როგორც მის გვარს ეკადრება.

უნდა აღინიშნოს, რომ უმცროს ბექჰემს ისე ცუდადაც არ უთამაშია, როგორც სოციალურ ქსელებში დასცინიან. მისი მისამართით გამოთქმული დამცინავი კომენტარების მთავარი მიზეზი უფრო Sky Sports-ის მიერ გამოქვეყნებული მოკლე ვიდეოა, რომელშიც სწორედ მისი ძალიან სუსტი ჩაწოდება ჩანს.

“ეს ყველაზე ცუდი 28 წამია, რომელიც ფეხბურთელის შესახებ შეიძლება ნახო,” - წერს ერთი იუზერი. “ფაქტია, ნიჭი არ აქვს!” - დასძენს მეორე. “მოყვარულთა ლიგაში ამაზე გაცილებით უკეთესი ჩაწოდებები მინახავს,” - წერს მესამე. “წარმოიდგინე, რომ MLS-ის რეზერვების ლიგაშიც კი ცუდად გამოიყურები - საფეხბურთო შესაძლებლობებში მამას კი არა, დედას დამსგავსებია,” - დასძენს კიდევ ერთი იუზერი ირონიულად.

რა პასუხი აქვს ამ კრიტიკაზე რომეო ბექჰემს, რომელსაც 79 წუთში ბურთთან მხოლოდ 19 კონტაქტი ჰქონდა, უცნობია. სამაგიეროდ, უფროსი ბექჰემი კმაყოფილი დარჩა: “მე ვამაყობ შენით!” - დაპოსტა ინსტაგრამზე დევიდ ბექჰემმა, რომელიც თამაშს თვალს ტრიბუნიდან ადევნებდა.

შეგახსენებთ, რომ რომეო ბექჰემმა თავისი პირველი პროფესიული კონტრაქტი ლოდერდეილთან სეტქემბრის დასაწყისში გააფორმა. მისი თანაგუნდელია ჰარვი ნევილიც - ბექჰემის მეგობრის, ასევე მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი ვარსკვლავის, ინტერ მაიამის მწვრთნელის, ფილ ნევილის შვილი.

 

კომენტარები

ბოლო ამბები