Thumbnail

PES | რატი ნანავა მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს - ინტერვიუ ქართველ გეიმერთან

ვასილ ჩავლეშვილი პროფილის ფოტო
ვასილ ჩავლეშვილი
  • რატი ნანავამ PES 21-ში ყველა ტურნირი მოიგო
  • ისრაელში მისი მიზანი მსოფლიოს ჩემპიონობა იქნება
  • პოპსპორტთან ინტერვიუში ის დამწყებ გეიმერებს რჩევებს აძლევს

საფეხბურთო სიმულატორ PES-ში რატი ნანავა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მოთამაშეა. წელს მან თითქმის ყველა ტურნირი მოიგო, ახლა კი, საქართველოს ჩემპიონის სტატუსით მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. მან ონლაინ საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ბარიერი წარმატებით გადალახა და იასპარეზებს მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც ისრაელში 14-იდან 19 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდება. 

პოპსპორტი რატი ნანავას დაუკავშირდა და კარიერის პირველ ნაბიჯებზე, მოპოვებულ გამარჯვებებსა და მოახლოებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ესაუბრა.

რატი ნანავა: თამაში 2006-2007 წლებიდან, Sony 1-ზე დავიწყე. პირველი ნაბიჯები ჩემს მამიდაშვილთან, ირაკლი გაბშიასთან ერთან გავიარე. მახსოვს, როცა პირველად ვეთამაშე, მარტივად მომიგო, რაზეც გული ძალიან დამწყდა. ამის შემდეგ მთავარი ამოცანა მისი დამარცხება გახდა, საბოლოო ჯამში კი ჩემი მიზნები უფრო შორს წავიდა.

POPSPORT: როდის მიაღწიე პირველ წარმატებას?

ნანავა: მაშინ 13 წლის ვიყავი, ეს თბილისის ერთ-ერთ გეიმერულ კლუბში მოხდა. 30-კაციან ტურნირში პირველი ადგილი დავიკავე და მივხდი, რომ ეს იყო ის სახეობა, რომელსაც პროფესიონალურ დონეზე უნდა გავყოლოდი.

POPSPORT: რას გაძლევს შენს ძმასთან კონკურენცია?

რატი ნანავა: ჩემი და მათეს შეჯიბრი იმ პერიოდიდან იწყება, როცა ჯოისტიკს პირველად შევეხეთ. ჩვენს შორის კონკურენცია დღემდე გრძელდება, სულ იმის გარკვევაში ვართ, რომელია უფრო ძლიერი. მრავალწლიანი გამოცდილებით ერთმანეთს ვაძლიერებთ და სწორედ ეს არის ჩვენი წარმატების საიდუმლო.

ძმები, მათე და რატი ნანავები საქართველოს ჩემპიონატის ფინალში

POPSPORT: PES 21 შენთვის განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა. როგორ შეაფასებდი მიმდინარე წელს?

ნანავა: ეს ჩემთვის საუკეთესო წელი გამოვიდა. საქართველოში ჩატარებულ ტურნირებში თითქმის ყველგან გამარჯვება მოვიპოვე. იყო იმედგაცრუებაც, როცა ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად 1 ქულა დამაკლდა, მაგრამ აქედან ბევრი ვისწავლე, ვიშრომე და შედეგმაც არ დააყოვნა.

POPSPORT: რას ნიშნავს შენთვის მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სახელით ასპარეზობა? 

რატი ნანავა: პირველ რიგში დიდ პასუხისმგებლობას. ჩემთვის დამატებითი მოტივაციაა, როცა საკუთარი ქვეყნის სახელი ასეთი დონის ტურნირზე გაგაქვს. ვეცდები, საქართველო ღირსეულად წარვადგინო, მიზანი კი ჩემპიონობაა. 

POPSPORT: 30 სექტემბერს eFootball გამოდის, რას ელი ახალი თამაშისგან?

ნანავა: მსოფლიოს ჩემპიონატზე eFootball-ის თამაში მომიწევს. მოსამზადებლად მხოლოდ 1 თვე რჩება, ამიტომ მგონია, რომ ყველას თანაბარი შანსები ექნება. ველოდები 30 სექტემბერს და ვფიქრობ, რომ გაუმჯობესებულ ვერსიას ვიხილავთ.

POPSPORT: რას ურჩევ დამწყებ მოთამაშეებს? 

რატი ნანავა: მაღალ დონეზე თამაში დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. ამიტომ მთავარია, გაიაზრონ, რამდენად უღირთ ეს. პირადად მე უამრავ ადამიანთან მომსვლია უთანხმოება, რადგან მათ სასურველ დროს ვერ ვუთმობდი. ასევე, მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ფაქტორი, რომელიც წარმატების ერთ-ერთი მთავარი იარაღია. დაბოლოს: რაც შეიძლება მეტ ტურნირში მიიღონ მონაწილეობა, გამოცდილება და კლასი სწორედ ამ გზით მოდის.

📺 | ვიდეო: რატი ნანავას გადამწყვეტი მატჩი რუსეთთან

კომენტარები

ბოლო ამბები