Thumbnail

'სასწაულის იმედი არ უნდა გვქონდეს' - კუმანმა პრესკონფერენცია დატოვა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბარსელონას მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია სკანდალური გამოვიდა
  • ნიდერლანდელმა სპეციალისტმა მედიის შეკითხვებს არ უპასუხა და წავიდა
  • რონალდ კუმანი ასეთი საქციელისთვის შესაძლოა დაისაჯოს

 ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა არ მოისურვა ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხის გაცემა და კადისთან მატჩისწინა პრესკონფერენცია მოულოდნელად დატოვა. მანამდე კი ნიდერლანდელმა სპეციალისტმა შესავალი სიტყვა მოკლედ წარმოთქვა. 

ბარსელონას და კადისის დაპირისპირება ლა ლიგაში 24 სექტემბერს გაიმართება. რონალდ კუმანის გუნდი ამ შეხვედრას ჩემპიონატის 4 მატჩში მოპოვებული 8 ქულითა და ცხრილში მე-8 ადგილით ხვდება, თავად სპეციალისტი კი - არცთუ საუკეთესო განწყობით. ბოლო ტურში გუნდმა “კამპ ნოუზე” გრანადასთან ქულა ბოლო წუთზე გადაარჩინა, იქამდე კი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში გამოსვლა ბაიერნთან საშინაო მარცხით დაიწყო (0:3). ახლო მომავალში კუმანის გათავისუფლებასა და მის სავარაუდო შემცვლელებზე მედიაში უკვე აქტიურად იწერება.

რონალდ კუმანს გუნდში არცთუ იდეალური განწყობა აქვს

"ამჟამად კლუბში რთული ეკონომიკური და სპორტული ვითარებაა. ჩვენ უნდა აღვადგინოთ ფეხბურთელთა გუნდი დიდი ეკონომიკური დანახარჯების გარეშე. 

ჩემპიონთა ლიგაში სასწაულის იმედი არ უნდა გვქონდეს. ბაიერნთან წაგებაც ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ. 

კლუბი რესტრუქტურიზაციის პროცესშია. ეს დროს მოითხოვს. ახალგაზრდა მოთამაშეები შესაძლოა ვარსკვლავებად რამდენიმე წელიწადში იქცნენ, როგორც ეს ჩავისა და ინიესტას შემთხვევაში მოხდა. 

ბარსელონას პერსონალი და მოთამაშეები კმაყოფილები არიან იმ მხარდაჭერით, რომელიც მიიღეს, განსაკუთრებით გრანადასთან მატჩის დროს", - თქვა რონალდ კუმანმა და პრესკონფერენცია დატოვა. ესპანური მედიის ცნობით, ასეთი საქციელის გამო სპეციალისტმა შესაძლოა სასჯელიც მიიღოს, რადგან ეს პროტოკოლის დარღვევაა. 

რონალდ კუმანი ბარსელონა 2020 წლის აგვისტოში ჩაიბარა, რის გამოც ანალოგიური თანამდებობის დატოვება ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებში მოუხდა. გასულ სეზონში სპეციალისტმა კატალონიელებს ერთადერთი ტიტული - ესპანეთის თასი მოაგებინა.

კომენტარები

ბოლო ამბები