Thumbnail

გიორგი მამარდაშვილის ვალენსია ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატში მე-6 ტურის მატჩს დღეს სევილიაში ჩაატარებს, თუმცა, შესაძლებელია, პირველად ამ სეზონში “ღამურების” კარში არა 20 წლის ქართველი, არამედ ნიდერლანების ნაკრების გოლკიპერი იასპერ სილესენი იდგეს.

სწორედ ამ ვერსიას ავრცელებს ცნობილი ესპანური გამოცემა MARCA, რომელმაც სევილიასთან მატჩისთვის ვალენსიას სავარაუდო შემადგენლობაში სწორედ სილესენი ჩაწერა. შეგახსენებთ, რომ სეზონის წინ “ღამურების” ძირითად მეკარედ სწორედ ნიდერლანდელი მოიაზრებოდა, თუმცა, ტრავმის გამო სტარტი გაუცდა, ამით კი, გუნდში ახლადმიყვანილმა მამარდაშვილმა ისარგებლა და პირველი მეკარის სტატუსი მოიპოვა.

გიორგის ცუდი მატჩები ნამდვილად არ ჰქონია და გასულ ხუთ შეხვედრაში 4 გოლი გაუშვა, თუმცა, უკანასკნელ ტურში მადრიდის რეალთან მატჩში მის გუნდს მძიმე ფინიში ჰქონდა. ხოსე ბორდალასის გუნდი თამაშის დასრულებამდე 5 წუთით ადრე წინ იყო, თუმცა, შემდეგ 2 გოლი გაუშვა და დამარცხდა, ამასთან, ქარიმ ბენზემას გადამწყვეტი თავურის დროს, ქართველს გამოსვლაზე აშკარად უკეთ თამაში მართებდა.

MARCA-ს ვერსიით, ქართველი მეკარე თადარიგში იქნება

მაშინვე დაიწერა, რომ შესაძლოა, ეს შეცდომა მამარდაშვილს ძირითადში ადგილის დაკარგვად დაუჯდებოდა და როგორც სჩანს, MARCA-ც ამ ვერსიას ემხრობა. ცნობილი გაზეთის აზრით, დღეს ვალენსიელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება: სილესენი – ფულკიე, პაულისტა, ალდერეტე, ლატო – იუნუსი, ვასი, გუილამონი, გედეში – მაქსი გომესი, უგო დურო. სათადარიგოთა შორის იქნებიან მამარდაშვილი, დიახაბი, ვასკესი, მოსკერა, რაჩიჩი, ხასონი, ელდერ კოშტა, მარკოს ანდრე, ვალეხო, ბლანკო, კობა.

აღსანიშნავია ისიც, რომ სხვა ესპანური გამოცემების აზრით, ბორდალასი სასტარტო თერთმეტეულში ადგილს ისევ ქართველ მეკარეს ანდობს. ასე ფიქრობენ Eldesmarque, Muchodeporte, Noticiasdenavarra და სხვები, ამდენად, ის, რომ მამარდაშვილი თადარიგში გადაინაცვლებს, გადაწყვეტილი სულაც არაა.

შეგახსენებთ, რომ ვალენსიას 5 ტურში 3 მოგება, 1 ფრე და 1 მარცხი აქვს და 10 ქულით მე-3 ადგილზეა. “ღამურების” წინ მხოლოდ მადრიდული გრანდები ატლეტიკო (14 ქულა) და რეალი (13) იმყოფებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები