Thumbnail
  • მადრიდის სასამართლოს გადაწყვეტილებით, უეფას მუქარა უსაფუძვლოა
  • როგორც ჩანს, ჩეფერინი რეალს, ბარსას და იუვეს მართლაც ვერ დასჯის

ფეხბურთში ახლა უკვე მომდევნო დიდი დაპირისპირებაა მოსალოდნელი.

გრანდების პროექტი სახელწოდებით ევროპის სუპერლიგა თითქოს ისტორიას ჩაბარდა, მაგრამ რეალში, ბარსელონასა და იუვენტუსში ბოლო დროს ამტკიცებდნენ, რომ ეს ასე არ არის. მართლა არ ყოფილა!

როგორც იცით, უეფა სუპერლიგის პროექტში ჩართულ კლუბებს ევროტურნირებიდან მოკვეთით ემუქრებოდა - თუკი ისინი ამ პროექტზე უარს არ იტყოდნენ. ზემოთ ხსენებული გრანდების გარდა სუპერლიგას ყველა გაემიჯნა, თუმცა არც რეალი, ბარსა და იუვე დასჯილან - სამივე ეს ტოპ-კლუბი ჩემპიონთა ლიგაში თამაშობს.

ახლა კი ირკვევა, რომ უეფას მუქარას სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. აღნიშნული გადაწყვეტილება ესპანელმა მოსამართლემ, მანუელ რუის დე ლარამ მიიღო. მეტიც: მან უეფას ულტიმატუმი წაუყენა და 5 დღე მისცა იმისათვის, რომ სუპერლიგის დამფუძნებლების (სწორედ ის სამეული) მიმართ სანქციების მუქარა გააუქმოს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, სხვა შემთხვევაში უეფას პრეზიდენტ ალეკსანდერ ჩეფერინს ემუქრება სასამართლო პროცესი “სამართლებრივი განაჩენის უყურადღებოდ დატოვებისთვის”. ამის შესახებ ესპანური “მარკა” მადრიდის მე-17 კომერციული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით წერს.

აღსანიშნავია, რომ ესპანელმა მოსამართლემ ჯერ კიდევ აპრილში სცნო არალეგიტიმურად უეფასა და ფიფას შესაძლო სანქციები იმ კლუბების წინააღმდეგ, რომლებიც სუპერლიგის დამფუძნებლები იყვნენ.

წაიკითხერეალის, იუვეს და ბარსას კრიზისი - რა ეშველება დიდ სამეულს

როგორც იცით, 19 აპრილს ევროპის 12-მა გრანდმა ევროპის სუპერლიგა დააარსა და ამით საფეხბურთო სამყარო შოკში ჩააგდო, რადგან ფაქტობრივად ჩემპიონთა ლიგის კონკურენტი ტურნირი შექმნა. უეფას, ფიფას, მედიისა და ზოგადად საფეხბურთო საზოგადოების მკაცრი კრიტიკის შემდეგ, სუპერლიგის პროექტი ყველა კლუბმა დატოვა - რეალის, ბარსელონას და იუვენტუსის გარდა. სწორედ ამ სამ კლუბს ემუქრებოდა უეფა სანქციებით.

კომენტარები

ბოლო ამბები