Thumbnail

ხელებს დაკარგავს, შემდეგ კი სიკვდილია - 'პაპაის' ტრაგიკული ისტორია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'რა იქნება, არ ვიცი. ძალიან მეშინია, თუმცა, მხოლოდ საკუთარ თავს ვადანაშაულებ'
  • რუსმა ბოდიბილდერმა კუნთები ქიმიკატებით დაიბერა და ურთულეს მდგომარეობაშია

24 წლის რუსი ბოდიბილდერი და MMA-ს მებრძოლი კირილ ტერეშინი შესაძლოა სიცოცხლეს გამოეთხოვოს იმის გამო, რომ კუნთების გაზრდის მიზნით ორგანიზმში სახიფათო ნივთიერებები შეიყვანა.

ტერეშინს "პაპაის" მეტსახელით იცნობენ და როგორც სჩანს, ის სწორედ იმან აზარალა, რომ ცნობილი მულტიპლიკაციურ პერსონაჟთან (მეზღვაური, რომელიც ისპანახს ჭამს და კუნთები ეზრდება) მსგავსებას ცდილობდა. კირილი 20 წლის იყო, როდესაც ზრდის მიზნით ხელის თითოეულ კუნთში 3 ლიტრამდე სინთოლი შეიყვანა. ეს ქიმიკატების ნარევია, რომელიც მეტწილად ზეთებისგან შედგება და ადამიანის ორგანიზმისთვის მიუღებელია. 

გასაკვირი არ ყოფილა, რომ ამან სპორტსმენის ჯანმრთელობა ძალიან შეარყია. კუნთები მართლაც საგრძნობლად გაიზარდა, თუმცა, ტერეშინს დაერღვა სისხლის მიმოქცევა, მისი ორგანიზმი დასუსტდა და აუტანელი ტკივილები დაეწყო. ექიმების პროგნოზით, დიდია შანსი, მას ხელები წაერთვას, უარეს შემთხვევაში კი, ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდეს.

“პაპაის” უკვე ჩაუტარდა 2 ოპერაცია და ინფიცირებული კუნთოვანი მასის ამოღება ქირურგიული ჩარევის გზით მოხდა, თუმცა, ორგანიზმში მაინც დარჩა ნაწილაკები, რომლებიც სიტუაციას ძალიან ართულებენ. ამდენად, იგეგმება მესამე ოპერაციის ჩატარება.

“მორიგი ოპერაციის შემდეგ სიტუაცია შეიძლება უფრო გართულდეს, თუმცა, უმოქმედობა საერთოდაც დამღუპველი იქნება. მომწამვლელი ნივთიერება ორგანიზმში ისედაც დიდი ხანია იმყოფება და მას მთლიანად ანგრევს, რამაც შესაძლოა, სიკვდილი გამოიწვიოს”, - განაცხადა რუსმა ქირურგმა დმიტრი მელნიკოვმა.

საგონებელშია ჩავარდნილი თავად კირილ ტერეშინიც:

“მალე მესამე და ალბათ, გადაწყვეტი ოპერაცია მელის და არ ვიცი, ეს რით დასრულდება. 20 წლის ასაკში სისულელე ჩავიდინე და შედეგებზე არ მიფიქრია. გამიმართლა, რომ მაგარი ექიმების ხელში მოვხვდი, თუმცა, თუკი ბოლო ნერვმა ვერ გაუძლო, ალბათ, ხელების გამოძრავებას ვეღარ შევძლებ, შემდეგ კი სიკვდილია. 24 წლის ვარ და ჩემი ორგანიზმი ჯერჯერობით უმკლავდება, თუმცა, მალე რა იქნება, არ ვიცი. ძალიან მეშინია, თუმცა, მხოლოდ საკუთარ თავს ვადანაშაულებ”.

აღსანიშნავია, რომ “პაპაის” ინსტაგრამზე 350 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს და მათგან გამამხნევებელ შეტყობინებებს იღებს, მკურნალობაში კი 33 წლის რუსი მოდელი ალანა მამაევა ეხმარება, რომელიც რუსი ფეხბურთელის პაველ მამაევის ყოფილი ცოლია და ამჟამად, წარუმატებელი პლასტიკური ოპერაციებით დაზარალებული ადამიანების ინტერესებს იცავს.

კომენტარები

ბოლო ამბები