Thumbnail
  • გაისად ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველო იქნება
  • კანდიდატები კვიპროსი, ფინეთი, უნგრეთი, ლატვია, რუსეთი და უკრაინა არიან

მომავალი ევრობასკეტი 2022 წელს ჩატარდება და მისი ერთ-ერთი მასპინძელი საქართველო იქნება, ფიბამ კი უკვე იმ ქვეყნის განაცხადების მიღება დაასრულა, რომელთაც ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის მიღება სურთ. ორგანიზაციის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, აღნიშნულის სურვილი ექვსმა ქვეყანამ გამოთქვა: ესენია კვიპროსი, ფინეთი, უნგრეთი, ლატვია, რუსეთი და უკრაინა.

შეგახსენებთ, რომ ფიბამ ევრობასკეტის ერთბაშად 4 ქვეყანაში ჩატარების ფორმულა 2015 წელს გამოიყენა და მაშინ ტურნირი საფრანგეთში, ხორვატიაში, გერმანიასა და ლატვიაში ჩატარდა, 2017-ში ევროპირველობას თურქეთმა, ფინეთმა, ისრაელმა და რუმინეთმა უმასპინძლეს, გაისად კი შეჯიბრს საქართველო, გერმანია, ჩეხეთი და იტალია მიიღებენ.

ამჯერად, ლატვია, უნგრეთი, რუსეთი და უკრაინა მზად არიან უმასპინძლონ როგორც ჯგუფურ, ასევე ფინალურ ეტაპს, ხოლო კვიპროსსა და ფინეთს მხოლოდ ჯგუფური რაუნდის ჩატარება სურთ. ვინაიდან ლატვიასა და ფინეთში შეჯიბრი ახლო წარსულში უკვე გამართულა, უკეთესი შანსები უნგრეთს, რუსეთს, უკრაინას და კვიპროსს აქვთ, თუმცა, ამ უკანასკნელს ხელი შეიძლება იმან შეუშალოს, რომ სუსტუ ნაკრები ჰყავს.

2022 წლის ევრობასკეტისთვის თბილისში ახალი დარბაზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

ფიბამ არსებულ განაცხადებს მიმდინარე წლის ოქტომბრიდან გაისად იანვრამდე პერიოდში შეისწავლის, 2022 წლის გაზაფხულზე დაგეგმილ ორგანიიზაციის ბორდის სხდომაზე კი მასპინძელთა ვინაობაც გამოცხადდება.

შეგახსენებთ, რომ რიგით 41-ე ევრობასკეტი ჯერ კიდევ შარშან უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, კოვიდ-პანდემიის გამო, მომავალი წლისთვის გადაიდო. ტურნირი 2022 წლის 1-18 სექტემბერს ჩატარდება, ჯგუფური ეტაპის მატჩებს კიოლნი (გერმანია), მილანი (იტალია), პრაღა (ჩეხეთი) და თბილისი უმასპინძლებს, პლეი ოფი კი ბერლინშია (გერმანია) დაგეგმილი.

ჯგუფში საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მეტოქეები ესპანეთი, რუსეთი, თურქეთი, ბელგია და ბულგარეთი იქნებიან. შეგახსენებთ, რომ ტურნირის რეგლამენტის თანახმად, 4 ექვსგუნდიანი ჯგუფიდან 4-4 საუკეთესო პლეი ოფში გავა და თამაშს მერვედფინალიდან გააგრძელებს. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ზედიზედ მე-5 ევრობასკეტზე (2011, 2013, 2015, 2017, 2022) ითამაშებს, საუკეთესო შედეგი კი სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ჰქონდა, როდესაც პირველი ჯგუფური ეტაპის დაძლევა მოახერხა და საბოლოოდ, მე-11 ადგილზე გავიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები