Thumbnail

აკი ბაშო | მეტოქე დოჰიოდან გადააგდო - ტოჩინოშინის მე-4 გამარჯვება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა სუმოისტმა 48 კგ-ით მსუბუქ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა
  • 33 წლის ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე იაპონელი ტოკუშორიუ იქნება

33 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელსაც ტოჩინოშინის შიკონათი ვიცნობთ, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე შემოდგომის სუპერტუნირზე მე-4 გამარჯვება იზეიმა.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი აკი ბაშოს დასავლეთის მე-12 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, დღეს კი ძალები დასავლეთის მე-8 მაეგაშირა ტობიძარუსთან მოსინჯა.

ქართველი სეკიტორი 29 წლის მეტოქეზე 16 სმ-ით მაღალი და 48 კგ-ით მძიმე გახლავთ და ფიზიკურ მონაცემებში ეს უპირატესობა კარგად გამოიყენა. გორგაძე იაპონელს მძლავრად მიაწვა და დოჰიოდან იორიტაოშით გაიყვანა.

ამგვარად, ტოჩინოშინმა მიჯრით მე-2 გამარჯვება იზეიმა, საერთო ჯამში კი, 4 მოგება და 6 მარცხი მოაგროვა და ჯერაც ინარჩუნებს შანსს აკი ბაშოზე დადებითი ბალანსი დააფიქსიროს, რაც მას წოდებაში დაწინაურების შანსს მისცემს. ამისთვის, ლევანმა დარჩენილი 5 ორთაბრძოლიდან 4 უნდა მოიგოს.

ტურნირის მე-11 დღეს ქართველი სუმოისტის პირისპირ დასავლეთის მე-16 მაეგაშირა ტოკუშორიუ დადგება, რომელსაც გორგაძე 8-ჯერ  შეხვედრია და 5 მოგება აქვს. 35 წლის იაპონელი გამარჯვებისთვის ყველაფერს გაიღებს, რადგანაც ტოკიოში უკვე 7 ორთაბრძოლა აქვს წაგებული და მორიგი წარუმატებლობის შემთხვევაში უარყოფით ბალანსს (მაკე-კოში) ვერ გადაურჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები