Thumbnail
  • რუბინი 1:3 ზენიტი | ხვიჩა კვარაცხელიამ 73 წუთი ითამაშა
  • ლეონიდ სლუცკიმ წითელი ბარათი მიიღო

ყაზანის რუბინი რუსეთის პრემიერ-ლიგის მე-8 ტურში საკუთარ მოედანზე გათამაშების ლიდერ ზენიტს დაუპირისპირდა, პირველივე ტაიმში 3 გოლი გაუშვა და 1:3 დამარცხდა. ხვიჩა კვარაცხელიამ 73 წუთი ითამაშა და შემდეგ ლეონიდ სლუცკიმ ის შეცვალა, რადგან ზენიტის ფეხბურთელები მის წინააღმდეგ ხშირად უხეშობდნენ.

ამ შეხვედრაში სლუცკიმ 62-ე და 76-ე წუთებზე ორი ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. რუსმა სპეციალისტმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე მსაჯის, სერგეი ივანოვის შესახებ ილაპარაკა და თქვა, რომ მან ზენიტის ფეხბურთელებს კვარაცხელიას წინააღმდეგ უხეშობის შესაძლებლობა მისცა.

კვარაცხელიას ზენიტის წინააღმდეგ საუკეთესო თამაში არ ჰქონია

"იმ წესების დარღვევის ჩამოთვლას თუ დავიწყებ, რომელზეც ივანოვმა ჯარიმები არ დანიშნა, თითები არ მეყოფა. მთელ მსოფლიოში მსაჯები შემტევ ფეხბურთელებს იცავენ და ისინი სწორად იქცევიან. ახლა ხვიჩა კვარაცხელია ყინულებში ზის და მილიონი სისხლჩაქცევა და შესაბამისად, ჰემატომა აქვს. ვფიქრობ, რომ მსაჯი ივანოვი არაკომპეტენტურია. ის ზენიტის ფეხბურთელებს საშუალებას აძლევდა კვარაცხელიას და ინ ბომის წინააღმდეგ გაუთავებლად ეუხეშათ და დაზიანებები მიეყენებინათ. მას ვუთხარი, რომ ხალხი სტადიონზე კვარაცხელიას, მალკომის ან ძიუბას თამაშის სანახავად დადის და არა მისი მსაჯობის. ამის გამო ყვითელი ბარათი მიჩვენა. პირველი წითელი ბარათი 2006 წელს მიჩვენა, როცა ჯერ კიდევ მოსკვაში ვმუშაობდი, ვფიქრობ, შემთხვევითი არ არის, რომ 15 წლის განმავლობაში მხოლოდ ორი წითელი ბარათი მივიღე და ერთი და იგივე მსაჯისგან. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ივანოვი არ დაინიშნოს ჩვენს მატჩებზე, თუკი, ეს შესაძლებელი იქნება", - თქვა სლუცკიმ.

შეგახსენებთ, რომ რუბინი რუსეთის პრემიერლიგაში 14 ქულით მე-5 ადგილზეა და მომდევნო ტურში 26 სექტემბერს, სტუმრად მოსკოვის დინამოს შეხვდება, რომელიც მე-2 პოზიციაზეა. ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში 7 მატჩი აქვს ჩატარებული, 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.

კომენტარები

ბოლო ამბები