Thumbnail

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე 5 მატჩიდან 1 ქულა აქვს და B საკვალიფიკაციო ჯგუფში ბოლო ადგილი უკავია. დარჩენილ სამ მატჩს ვილი სანიოლის გუნდისთვის მნიშვნელოვანი სატურნირო დატვირთვა აღარ აქვს, რადგან გუნდს ყატარში, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის პრაქტიკული შანსი აღარ აქვს.

დარჩა მხოლოდ თეორიული შანსი მე-2 ადგილისა და პლეი ოფისთვის, რომელიც ალბათ, უახლოეს ტურში დაიკარგება თუკი შვედეთი შინ კოსოვოს დაამარცხებს. ამიტომაც, ნაკრების უახლოესი მიზანი ევრო 2024 უნდა იყოს. ეს ტურნირი გერმანიაში გაიმართება, იქ მოხვედრა კი ორი გზით შეიძლება: 1. კლასიკური - საკვალიფიკაციო, 2. უეფას ერთა ლიგის გზით. ასე რომ, ერთა ლიგის მორიგ, მე-3 გათამაშებას ნაკრებისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

1:2 სომხეთთან - ერთადერთი მარცხი ერთა ლიგაზე

კვლავ C ლიგაში

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა C ლიგაში ადგილი შეინარჩუნა - გუნდმა მე-2 ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და პლეი აუთში სათამაშოდ ესტონეთი გაუშვა. ასე რომ, 2022/23 წლების ერთა ლიგაზე ნაკრები კვლავ C ლიგაში ითამაშებს. 

ერთა ლიგა ერთადერთი ოფიციალური ტურნირია, სადაც საქართველოს ნაკრებს დადებითი ბალანსი აქვს - 12 თამაში: 6 მოგება, 5 ფრე, 1 წაგება.

სხვათა შორის, ახლანდელი სეზონი ჯერ არ დასრულებულა, დარჩა მთავარი - ოთხთა ფინალი, რომელიც 6-10 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. იტალია ესპანეთს "სან სიროზე" ეთამაშება, ხოლო მეორე ნახევარფინალში, ტურინში ბელგია საფრანგეთს დაუპირისპირდება. 2022 წლის მაისში კი გაიმართება პლეი აუთები D ლიგაში გავარდნილთა გამოსავლენად (ესტონეთი კვიპროსს ეთამაშება, მოლდოვა - ყაზახეთს). 

2018 წელს საქართველომ D ლიგა ტრიუმფით მოიგო და ევრო 2020-ის პლეი ოფის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა

ევრო 2024-ში 24 ნაკრები ითამაშებს, გერმანია მასპინძლის სტატუსით ფინალურ ეტაპზეა დაშვებული, დანარჩენი 23 საგზური კი უეფას 54-მა ქვეყანამ უნდა გაითამაშოს. საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 2022 წლის დეკემბერში ჰამბურგში უნდა გაიმართოს, ტურნირი კი 2023-ში მარტიდან ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. 2024 წლის მარტში კი ერთა ლიგიდან გასული გუნდები ითამაშებენ დარჩენილი საგზურებისთვის პლეი ოფში. ეს ყველაფერი დაახლოებით ისე მოხდება, როგორც ევრო 2020-ისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა პანდემიამ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა გრაფიკში. 

ერთა თასი 2022/23

A, B & C ლიგებში კვლავ 16-16 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. C (სადაც საქართველოს ნაკრები გამოდის) 4 ჯგუფად დაიყოფა. ტურნირი კი ივნისში დაიწყება და სექტემბერში დასრულდება. ეს არის სწორედ ყველაზე დიდი განსხვავება წინა ტურნირებისგან. 

სავარაუდოდ, გუნდები კალათებში ასე გადანაწილდება:

პირველი კალათა: თურქეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი, ჩრდილოეთ ირლანდია
მეორე კალათა: საბერძნეთი, ბელარუსი, ლუქსემბურგი, ჩრდილოეთ მაკედონია
მესამე კალათა: ლიეტუვა, საქართველო, აზერბაიჯანი, კოსოვო
მეოთხე კალათა: გიბრალტარი, ფარერები, ორი გუნდი უცნობია

ჯგუფის გამარჯვებული მომდევნო ტურნირისთვის B ლიგის საგზურს გაინაღდებს. ასევე 2024 წლის გააზფხულზე ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო პლეი ოფში გამოვა. მნიშვნელოვანი დეტალები ჯერ არ დაზუსტებულა, რადგან იქამდე დიდი დროა. 

ერთა ლიგის ჯგუფური ტურნირის პირველი 4 ტური 2022 წლის ივნისში გაიმართება, ბოლო 2 კი - სექტემბერში, რაც ცოტა უცნაურია. განსაკუთრებით ივნისში 4-მატჩიანი სანაკრებო ფანჯარა. 

კომენტარები

ბოლო ამბები