Thumbnail
  • U18 საქართველოს ლაშა ფირცხალაიშვილი უხელმძღვანელებს
  • მას აქამდე თბილისის ვიტ ჯორჯიაში უმუშავია

საქართველოს 18-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებს ახალგაზრდა ქართველი სპეციალისტი ლაშა ფირცხალაიშვილი უხელმძღვანელებს. ამ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდი ავრცელებს.

ფირცხალაიშვილი 2011-17 წლებში ვიტ ჯორჯიას ასაკობრივ გუნდებს ხელმძღვანელობდა, ხოლო 2017-19 წლების სეზონებში პირველი გუნდის მთავარი მწვრთნელი გახლდათ და 2018 წელს თბილისელთა ეროვნულ ლიგაში დაწინაურება შეძლო.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები მომდევნო კალენდარული წლიდან 19-წლამდელთა გუნდი გახდება და ოფიციალური მატჩების  სერიას 2023 წელს მალტაზე გასამართი 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპით გახსნის.

ლაშა ფირცხალაიშვილი და ალექსანდრე იაშვილი
📷 | საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე პრეზიდენტი): “ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული გუნდების სტრუქტურაში თავის წარმოჩენის საშუალება ახალგაზრდა ნიჭიერ ქართველ მწვრთნელებს მიეცეთ. წარმატება მინდა ვუსურვო ლაშას და მის სამწვრთნელო შტაბს”.

ლაშა ფირცხალაიშვილი (18-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “პირველ რიგში, გამოჩენილი ნდობისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას. ნებისმიერ ასაკობრივ დონეზე, ეროვნული ნაკრების მწვრთნელობა უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა. დიდი მოლოდინით ველი სამუშაო პროცესის დაწყებას და იმედი მაქვს, რომ თავდაუზოგავი შრომით შევძლებთ დასახული მიზნების მიღწევას”.

კომენტარები

ბოლო ამბები