Thumbnail

ლა ლიგის მე-5 ტურში ვალენსიამ პირველი მარცხი იწვნია - "ღამურები" რეალს ბოლო წუთებამდე უგებდნენ, თუმცა შემდეგ სტუმრებმა გიორგი მამარდაშვილის კარში ორი გოლი გაიტანეს და 2:1 გაიმარჯვეს. სპეციალისტთა უმეტესობამ 20 წლის ქართველ გოლკიპერს ბენზემას გოლი შეცდომად ჩაუთვალა. 

"მარკამ" ქართველ გოლკიპერს სტატია მიუძღვნა: "20 წლის გიორგი მამარდაშვილი ციკლონივით შემოიჭრა ლა ლიგაში, თუმცა ორი ეპიზოდი მისთვის სასწავლებელი უნდა იყოს - ოსასუნასთან გაუქმებული გოლი და რეალთან საბედისწერო გამოსვლა", - წერს ესპანეთის ყველაზე მაღალტირაჟიანი გაზეთი. 

გიორგის ვალენსია ბოლო წუთებზე დამარცხდა

"მას შესანიშნავი მონაცემები აქვს, თუმცა საკუთარი შეცდომებიდანაც დასკვნა უნდა გამოიტანოს. მან ბორდალასის ნდობა მოიპოვა და 5 ტურია სასტარტოშია, მან პირველი მეკარეობისთვის ბრძოლა უკვე მოიგო. ეს ნამდვილი ფურორია, მამარდაშვილი აბსოლუტურად არსაიდან გამოჩნდა. ეს ორი ინციდენტი კი მას ზრდაში დაეხმარება.

📋 მეტი ამ თემაზე

ოსასუნასთან ვალენსიამ კი გაიმარჯვა, მაგრამ იყო მომენტი, როცა გიორგის უფრო თავდაჯერებით უნდა ეთამაშა. მან ეს არ გააკეთა და ოსასუნას ფორვარდმა გოლი გაიტანა. გიორგის გაუმართლა, VAR-მა გოლი გააუქმა, რადგან წესების მიხედვით, მეკარეზე ჯარიმა დაფიქსირდა. ეს იყო მსუბუქი ინციდენტი, მაგრამ ყურადღება გასამახვილებელი.

რეალთან მან თითქმის ყველა დარტყმა მოიგერია, პირველ გაშვებულ ბურთზე მამარდაშვილი ვერაფერს გააწყობდა, მაგრამ მეორე ცოტა სხვა თემაა - მის მოქმედებაში, ისევე, როგორც მცველების, იყო გაურკვევლობა და ეჭვები. ბენზემამ კი იცის, როგორ იმოქმედოს ასეთ შემთხვევებში.

თამაშიდან რამდენიმე საათში გიორგიმ ინსტაგრამზე გამოაქვყნა ფოტო ოპტიმისტური მინაწერით: "უიღბლო დღე, კარგი გაკვეთილი", როგორ ჩანს, ის ამ ინციდენტისგან სწორ დასკვნებს გამოიტანს".

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგაში 5 ტურში მიიღო მონაწილეობა  და 4 გოლი გაუშვა. ლა ლიგის პირველ ტურში დებიუტანტი საუკეთესო მეკარედაც დაასახელეს.  

კომენტარები

ბოლო ამბები