Thumbnail

ჯიღაურის გოლით - დინამო ბათუმმა თელავში მოიგო და +5 ქულა შეინარჩუნა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • თელავი 0:1 დინამო ბათუმი | გოლი: 0:1 ჯიღაური (16)
  • გია გეგუჩაძის გუნდმა საკმაოდ მძიმე თამაში მოიგო

საქართველოს ჩემპიონატის 25-ე ტურში დინამო ბათუმი თელავს ესტუმრა და ჯაბა ჯიღაურის ერთადერთი გოლით მორიგი გამარჯვება იზეიმა, რითაც კონკურენტ დინამო თბილისთან 5-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა.

ბათუმელებმა შეხვედრა უფრო აქტიურად დაიწყეს და ანგარიშის გახსნაც სწრაფად მოახერხეს. მე-16 წუთზე ფლამარიონ ჯოვინო თელაველთა მეკარე ლუკა სანიკიძესთან პირისპირ დარჩა და ვერ აჯობა, მაგრამ დამატებაზე ყველას ჯაბა ჯიღაურმა დაასწრო და მიმდინარე სეზონში მეცხრე გოლი გაიტანა. პირველ ნახევარში ეს ერთადერთი გოლი გამოდგა, რაც თამაშის ხარისხიდან გამომდინარე ლოგიკური იყო, რადგან რეალური საგოლე მომენტი არცერთ კართან შექმნილა.

მე-2 ტაიმში თამაშის სცენარი არ შეცვლილა. ტემპი დაბალი იყო და გუნდებიც საგოლე მომენტების შექმნას თითქმის ვერ ახერხებდნენ. სიტუაცია ოდნავ შეხვედრის ბოლოს შეიცვალა, როცა ბათუმელები გააქტიურდნენ. 79-ე წუთზე თელავი ძელმა ორჯერ გადაარჩინა. ჯერ ბენჟამენ ტეიდის დარტყმა მოხვდა კარის ძელს, მერე დამატებაზე ირაკლი აზაროვის და კახელები აშკარა გოლს გადაურჩნენ. მატჩის ბოლოს მასპინძლები რიცხობრივ უმცირესობაშიც დარჩნენ. ზურაბ თევზაძემ თორნიკე გაფრინდაშვილის წინააღმდეგ იუხეშა და წითელი ბარათი მიიღო.

საბოლოოდ, არაფერი შეცვლილა და დინამო ბათუმმა ჯაბა ჯიღაურის ერთადერთი გოლით გამარჯვება მოიპოვა.

დინამო ბათუმს 53 ქულა აქვს და დინამო თბილისთან 5-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა, თელაველები კი 25 ქულით მე-8 ადგილზე არიან. გეგუჩაძის გუნდი მომდევნო ტურში 24 სექტემბერს, სამგურალს უმასპინძლებს, ხოლო თელავი საკუთარ მოედანზე გორის დილას დაუპირისპირდება.

თელავი 0:1 დინამო ბათუმი

გოლი: 0:1 ჯიღაური (16)

გაძევება: თევზაძე (90)

თელავი (3-4-3): სანიკიძე - ძოწენიძე, თოლორდავა, თევზაძე - მარაქველიძე (62. კაპანაძე), ჯანელიძე (75. ბაშალეიშვილი), ჯიქია (80. აშორტია), შერგელაშვილი - ჩოგაძე (62. რუხაძე), ნათან ჟუნიორი (75. არდაზიშვილი), შეყილაძე

დინამო ბათუმი (4-2-3-1): კუპატაძე - ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, აზაროვი (88. შინდაგორიძე) - ტეიდი, ალთუნაშვილი - მამუჩაშვილი, ჯიღაური (68. გაფრინდაშვილი), ჯოვინო (65. ნავალოვსკი) - ფანცულაია (65. ნიქაბაძე)

კომენტარები

ბოლო ამბები