Thumbnail

კიდევ ორი ქართველი ევროპალიგაზე - ზაურ მახარაძე და ლევან არველაძე ზორიაში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლუგანსკის კლუბმა ქართველების დამატება ოფიციალურად დაადასტურა
  • ზაურ მახარაძესა და ლევან არველაძეს ევროპალიგაზე თამაშის შანსი ეძლევათ

ლუგანსკის ზორიას პრესსამსახურმა ოფიციალურად გამოაცხადა საქართველოს ნაკრებში ახლახან გამოძახებულ მეკარე ზაურ მახარაძესთან კონტრაქტის გაფორმების შესახებ. კლუბსა და ფეხბურთელს შორის ხელშეკრულება 3-წლიანია.

ის, რომ დონეცკის ოლიმპიკის 25 წლის მეკარე და კაპიტანი ზორიაში გადავიდოდა, ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ჯერ კიდევ ოლიმპიკის მწვრთნელმა რომან სანჟარმა გამოაცხადა, რომლის თქმით, ფეხბურთელსა და კლუბს შორის წინასწარი შეთანხმება არსებობდა

ზორიამ უკრაინის პრემიერლიგა მეოთხე ადგილზე დაასრულა და ევროპალიგაზე ითამაშებს, სადაც მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება.

ზაურ მახარაძეს ოლიმპიკთან კონტრაქტი ამ ზაფხულს ამოეწურა და ზორიაში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. ხელშეკრულების ფინანსური დეტალების შესახებ კლუბი არაფერს იუწყება. ცნობილია ის, რომ მახარაძე ზორიაში უკრაინის ნაკრების გოლკიპერის ანდრეი ლუნინის ადგილს დაიკავებს, რომელიც ამ ზაფხულს კარიერას ევროპის ერთ-ერთ ტოპ-ჩემპიონატში აგრძელებს.

ზაურ მახარაძემ უკრაინის პრემიერლიგის გასული სეზონის 26 მატჩში ითამაშა, გაუშვა 33 გოლი, 9 მატჩში კი კარი მშრალად შეინახა.

ლევან არველაძემ თავი უკრაინის პირველ ლიგაში თამაშით გამოიჩინა

აღსანიშნავია, რომ მახარაძე უკრაინის ჩემპიონატის მეოთხეადგილოსანი გუნდის მეორე ახალწვეულია, პირველი კი ასევე ქართველი - უკრაინის მოქალაქეობის მქონე 25 წლის შემტევი ნახევარმცველი ლევან არველაძეა. 

არველაძეს, რომელიც უკრაინის პირველი ლიგის დესნაში გამოდიოდა, ზორიამ წინასწარი 2,5-წლიანი კონტრაქტი ჯერ კიდევ თებერვალში გაუფორმა.

ლევანმა პირველ ლიგაში დესნას მაისურით 30 მატჩში 4 გოლი გაიტანა, მანამდე კი ის სკალის, ნაფტოვიკისა და TSK-ის ღირსებას იცავდა. თბილისში დაბადებულ ფეხბურთელს ასევე უთამაშია კრივბასისა და დნიპროს ახალგაზრდულ გუნდებში.

კომენტარები

ბოლო ამბები