Thumbnail
  • მსოფლიო რაგბის ახალ კლასიფიკაციაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია
  • ახალი ზელანდია პირველ პოზიციაზე 2019 წლის ოქტომბრის შემდეგ დაბრუნდა

ახალი ზელანდიის ეროვნული ნაკრები მსოფლიო რაგბის რეიტინგის სათავეში დაბრუნდა. “ოლ ბლექსი” 2019 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად გალიდერდა, რისი წინაპირობაც გასულ უქმეებზე ავსტრალიურ ბრისბენში გამართული რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-4 ტურის მატჩები გახდა.

შეგახსენებთ, რომ ზელანდიელებმა არგენტინას 36:13 მოუგეს, მასპინძელმა ავსტრალიამ კი ზედიზედ მეორედ სძლია მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკას. შედეგად, “ოლ ბლექსმა” პირველ ადგილთან 2.17-ქულიანი ჩამორჩენა გაქვითა და 91.15 ქულით პირველობა სწორედ “ქურციკებს” აართვა.

დიდი სარგებელი ნახა ავსტრალიამაც, რომელმაც 85.65 ქულით მეხუთედან მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა. “ვოლაბებმა” რეიტინგის მოწინავე სამეულში 2018 წლის ივნისის შემდეგ პირველად შეაღწიეს და დააქვეითეს ევროპული გრანდები ინგლისი და ირლანდია.

კლასიფიკაციის საუკეთესო ხუთეულს მიღმა ცვლილებები არ მომხდარა, ამდენად, იგივეა საქართველოს ეროვნული ნაკრების მაჩვენებელიც. “ბორჯღალოსნების” აქტივში 73.73 ქულაა და მათ მე-12 საფეხური უკავიათ. ქართველი მორაგბეების წინ ფიჯია (76.87), უახლოესი მდევარი კი ოკანეთის კიდევ ერთი წარმომადგენელი სამოაა (73.59).

რაგბი ევროპის ჩემპიონატში კიდევ 2 ტურია დარჩენილი (25 სექტემბერს: ახალი ზელანდია-სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია-არგენტინა, 2 ოქტომბერს: არგენტინა-ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა-ახალი ზელანდია), ამდენად, ახლო პერიოდში რეიტინგში ცვლილებებს კიდევ უნდა ველოდეთ.

თავის მხრივ, ნოემბერში სავარაუდოდ სამ ტესტს ჩაატარებს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები: 6-ში – სამოასთან, 14-ში – საფრანგეთთან და 20-ში – ფიჯისთან. ამასთან, სტუმრად მხოლოდ ფრანგებთან თამაშია დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები