Thumbnail

'არ ვიცი, კასპაროვს ეს როგორ შეეშალა' - კარპოვი გაფრინდაშვილის საჩივარზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ცნობილი რუსი მოჭადრაკე ანატოლი კარპოვი ნონა გაფრინდაშვილისა და კომპანია Netflix-ის სასამართლო დავას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ ამბავში ყველაზე მეტად კიდევ ერთი საჭადრაკო ლეგენდის გარი კასპაროვის საქციელმა გააკვირვა. ეს უკანასკნელი სერიალ “ლაზიერის გამბიტის” გადაღების დროს კონსულტანტი იყო, ამდენად, კარპოვისთვის გაუგებარია, უხეში ფაქტობრივი ლაფსუსები როგორ დაუშვა.

“არ ვიცი, კასპაროვას ასეთი შეცდომა როგორ გაეპარა, ის ხომ ფილმის კონსულტანტი იყო. შეიძლება, ყველა ეპიზოდი არ უნახავს ან ყველაფერს არ ეუბნებოდნენ, თორემ მან ხომ ძალიან კარგად იცის, რომ ნონა გაფრინდაშვილი დიდოსტატი გახდა, როგორც ქალებში, ასევე – კაცებში. ის კაცებში დიდოსტატის წოდებას ვერაფრით მიიღებდა, კაცების ტურნირებში რომ არ ეთამაშა. ასე რომ, ამ ამბავში ნონა სრულიად მართალია.

ამასთან, ცხადია, რომ მისთვის უბრალოდ “საბჭოთა მოჭადრაკე” უნდა ეწოდებინათ და ამ შემთხვევაში კითხვები არ იქნებოდა. “რუსი მოჭადრაკე” კი უკვე კონკრეტული ეროვნული კუთვნილებაა. ნონა გაფრინდაშვილი საქართველოში დაიბადა, ქართველია და ამით ამაყობს. საერთოდაც, მის რუს მოჭადრაკედ მოხსენიება გაუგებარია და ადრე ასე არც არავის მოუხსენიებია. ეძახდნენ “საბჭოთა კავშირის წარმომადგენელს”, “საბჭოთა მოჭადრაკეს”, უფრო ხშირად კი, “საქართველოს წარმომადგენელს” ან “ქართველ მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილს”. 

წაიკითხე'ნამდვილი ლაზიერის გამბიტი' - ლეგენდარული ნონა გაფრინდაშვილის ისტორია

შეგახსენებთ, რომ სერიალის "ლაზიერის გამბიტი" პრემიერა 2020 წლის 23 სექტემბერს შედგა და მან დიდი პოპულარობა მოიპოვა, ნონა გაფრინდაშვილმა კი Netflix-ს ფილმში გაჟღერებული მცდარი ინფორმაციებისთვის უჩივლა. სერიალის შემქმნელებმა მოიტყუეს, როდესაც აღნიშნეს, რომ ნონას არასდროს უთამაშია კაცი მოჭადრაკეების წინააღმდეგ და ამავდროულად, ის რუსად მოიხსენიეს.

80 წლის ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონია (1962-78), Netflix-ისგან 5 მილიონ დოლარს ითხოვს, ამას გარდა, სერიალიდან იმ ეპიზოდის ამოღებაც სურს, სადაც მის შესახებ ცრუ ინფორმაციები ვრცელდება. ჭადრაკის ლეგენდებად ითვლებიან კარპოვი და კასპაროვიც, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონები არაერთგზის ყოფილან.

კომენტარები

ბოლო ამბები